ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ცოტნე გამსახურდია მასზე თავდასხმის დროს მთვრალი იყო, თუმცა არ გამორიცხავს, რომ 2-3 ჭიქა ჰქონოდა დალეული.
გამსახურდიას მეუღლე ასევე ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დაკავებულ ყუფარაძეზე და აღნიშნავს, რომ ის დამნაშავე არ არის და ცოტნე სიკვდილს სწორედ მან გადაარჩინა.
"სიახლე ჯერჯერობით არ გვაქვს, ცოტნე დღეს არ გვინახავს. ვაპირებთ, მე და მოწვეული ექიმი ზურაბ გურული რეანიმატოლოგთან, რეანიმატოლოგიის დეპარტამენტის უფროსთან და ნეიროქირურგთან შეხვედრას, რომელმაც ცოტნეს ოპერაცია გაუკეთა, პატარა კონსილიუმი გვინდა მოვიწვიოთ და განვსაზღვროთ შემდეგი ტაქტიკა, თუ რას ვაპირებთ.
რაც შეეხება გადაყვანას, არაფერს გამოვრიცხავთ, მოვიქცევით საჭიროებისამებრ, შეთავაზებები ბევრია. სწორედ ამის შესახებ უნდა მოვიწვიოთ კონსილიუმი. ყუფარაძეს არაფერი დაუშავებია იქ, უბრალოდ როგორც ამიხსნეს, იურიდიული თვალსაზრისით არ ითანამშრომლა სათანადოდ გამოძიებასთან, შეტყობინება როდის უნდა მოესწრო საავადმყოფოდან წაიყვანეს, მას არაფერი დაუშავებია გარდა იმისა, რომ ცოტნე გადაგვირჩინა," - აღნიშნა დღეს ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ.
ანა ჯაბაური თავდასხმამდე დეტალებზე საუბრობს.
"ჩემი ვერსიაა, რომ მას ჭიშკართან დაესხნენ თავს, პირველად თავი დაუზიანეს, ქუდი ეგდო სახლთან, სისხლის პირველი წვეთებიც ჭიშკართან იყო. მაქსიმუმ 5-10 წუთი იყო სახლში, არანაირი საეჭვო ზარი არ ყოფილა, მე ვერაფერი შევამჩნიე აღელვებულის.
ღვინო ჩემს თვალწინ არ გაუტანია, ორჯერ ვნახე იმ საღამოს. ერთხელ, როცა სამსახურიდან მოვედი და ჭიშკარი გამიღო, მითხრა, რომ გასვლას აპირებდა, არაფერი ეჭირა ხელში, არანაირი ღვინო. მეორეჯერ, როცა შემობრუნდა სახლში, გაღიმებული იყო არაფერი ეტყობოდა.
შემობრუნებიდან 5 წუთის შემდეგ გავიდა და კვლავ არაფერი ეჭირა ხელში, მათ შორის, არც ღვინო. ცოტნე მთვრალი არ ყოფილა, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა 2-3 ჭიქა ჰქონოდა დალეული. ამიხსნეს, რომ გამოძიება დასრულებული არ არის, შეიძლება შეიცვალოს და ცალსახად ვერ ვიტყვი ვერაფერს. იმედი მაქვს, რომ ახალ ბრალდებულებს გაარკვევენ, რადგან იქ არ იყო მარტო 2 ადამიანი, ეს ყველამ ვიცით," - განაცხადა დღეს საავადმყოფოში ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ ანა ჯაბაურმა.