ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" მიერ ჩატარებულ კვლევაში 30 ინფრასტრუქტურული პროექტი მოხვდა. მათ შორის არის მალთაყვას სანაპირო ზოლი, რომლის რეაბილიტაციის დროს გამოვლენილ კორუფციულ გარიგებაზე "რუსთავი 2"- ჯერ კიდევ ოქტომბერში საუბრობდა.
არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რეგიონებში განხორციელებული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი მილიონების დახარჯვის მიუხედავად, უსარგებლოა.
სოროსის ფონდისა და გამომძიებელი ჟურნალისტების კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ ყველაზე დიდი თანხა ზუგდიდში განხორციელებულ პროექტებში დაიხარჯა. წყალმომარაგების სისტემა, საფეხბურთო და ყინულის მოედნები - ეს ის ადგილებია, რომელთა რეაბილიტაციაც ბიუჯეტს 101 მილიონი ლარი დაუჯდა, თუმცა ფონდის მტკიცებით, არ მუშაობს. ადგილობრივი ოპოზიცია კორუფციაზე საუბრობს. ზუგდიდის მერიაში კი აცხადებენ, რომ პროექტების უმრავლესობა მომავალ წელს დასრულდება.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯული 29 მილიონ ლარზე მეტის მიუხედავად, ამ დრომდე წყლის პრობლემა აქვს კახეთის რამდენიმე ქალაქს. თელავში, ახმეტასა და საგარეჯოში განხორციელებული პროექტების თავიდან რეაბილიტაციის საჭიროებაზე საუბრობენ ოპონენტები.
"ღია საზოგადოება საქართველოს" ანგარიშში მოხვდა ქუთაისიც, სადაც თეთრი ხიდი ცოტა ხნის წინ აღადგინეს, თუმცა დღეს ის ისევ სარეაბილიტაციოა. ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაზე საუბრობენ. ინფრასტრუქტურის სამინისტროში კორუფციის არსებობას გამორიცხავენ.
"ღია საზოგადოება საქართველომ“ 2013-2018 წლებში განხორციელებული 30 ინფრასტრუქტურული პროექტი შეისწავლა, რომლის ჯამური ღირებულება 180 მილიონ ლარს უდრის. არასამთავრობო ორგანიზაციის მტკიცებით, 30 პროექტიდან 6 არ დასრულდა, 8 დასრულდა და არ მუშაობს, 16 კი კვლავ რეაბილიტაციას საჭიროებს. ორგანიზაცია საგამოძიებო უწყებებს ფაქტებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.