სარეკლამო კომპანია "პანდა", რომელიც "ფეისბუკმა" რამდენიმე დღის წინ, გაუქმებულ პროსახელისუფლებო გვერდებთან დააკავშირა, ბრალდებების ნაწილს ადასტურებს. პანდას განცხადებას უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები, ოპოზიციის განცხადებით "პანდას" განცხადებები სიყალბეა და ის მხოლოდ ინსტრუმენტი იყო ბიძინა ივანიშვილის ხელში.
"ევროპული საქართველოს" წევრი ლევან თარხნიშვილი აცხადებს, რომ მთავარი არის ის, თუ ვინ იყენებდა ინსტრუმენტად მათ და არა ის, თუ რას ამბობს თავად "პანდა":
"რითი გაამართლებენ ამას, იტყვიან, რომ ისინი დიქტატურას ებრძოდნენ, იტყვიან, რომ აპოკალიფსს ებრძოდნენ თუ სხვა რამეს, ეს უკვე მეორეხარისხოვანია, ისევე როგორც "პანდაა" მეორე ხარისხოვანი იმიტომ, რომ ეს არის ინსტრუმენტი, რომელსაც იყენებდა ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" და სწორედ ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნებაა" დასამთავრებელი და სისტემაა ზოგადად შესაცვლელი და დასამთავრებელი," - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.
ნაციონალური მოძრაობის წევრის გიორგი ბოტკოველის თქმით, იმ კამპანიის მთავარი შემოქმედი, რომელსაც "პანდა" სოციალურ ქსელში ახორციელებდა, ბიძინა ივანიშვილია:
"თვითონ მათთვისაც დაუჯერებელი იქნება ის, რასაც ამბობენ, რომ თითქოს ვინმეს ზიზღი ან ხელისუფლებაში არ მოსვლის სურვილი ამოძრავებდათ. მათ ერთადერთი რამე ამოძრავებთ, ეს არის ბერას სიყვარული და ბიძიას სიყვარული, რომელიც ამ ყველაფრის მთავარი შემოქმედია და რა თქმა უნდა, მათი განცხადებები არის სიყალბე," - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.