ტრენინგები 41 მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებისთვის და ბიუჯეტიდან მიღებული 100 000 ლარი - "საჯარო შესყიდვების მონიტორინგის ცენტრი“ დიმიტრი ხუნდაძის ბიუროს თანამშრომლის კორუფციაში შესაძლო ჩართულობაზე საუბრობს.
ირენა სტურუას განცხადებით, საქმე ეხება მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში დასაქმებულ პირს, რომელმაც 29 იანვარს "პოლიტიკური ბრენდინგისა და მართვის ცენტრი" დააფუძნა, პირველ თებერვალს კი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიასთან ხელშეკრულება გააფორმა და მომსახურებისთვის თანხა მიიღო.
მას შემდეგ, სექტემბრის ჩათვლით იგივე მომსახურება სულ 41 მუნიციპალიტეტს გაუწია და ბიუჯეტიდან 100 ათას ლარამდე ანაზღაურება მიიღო, სექტემბრის შემდეგ კი ბიურო დატოვა. "საჯარო შესყიდვების მონიტორინგის ცენტრის“ თავმჯდომარე აპირებს, ანტიკორუფციულ სააგენტოს მიმართოს.
“ეჭვს ბადებს ის, რომ მაჟორიტარი პარლამენტარის ბიუროს თანამშრომელი აარსებს ორგანიზაციას და ზუსტად ორ დღეში, მუნიციპალიტეტები უწყებენ კონტრაქტების გაფორმებას, ისე რომ გაურკვეველია რა გახდა გადამწყვეტი მიზეზი მათთვის ამ საკონტრაქტო ურთიერთობებში შესვლის ამ ორგანიზაციასთან,“ - აცხადებს "საჯარო შესყიდვების მონიტორინგის ცენტრის“ თავმჯდომარე, ირენა სტურუა.