საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უფლებას იძლევა, ვისაც "ეშმაკის ნიშნის" ეშინია, უჩიპო პირადობის მოწმობა აიღოს.
გადაწყვეტილება, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ დროებითია, ბევრ კითხვას აჩენს.
რას ნიშნავს მთავარი დამცავი ნიშნის გაქრობა და რელიგიური გრძნობების გამო არჩევანის თავისუფლების მინიჭება საქართველოს მოქალაქის პიროვნების დამადასტურებელ მთავარ დოკუმენტზე - ია რეხვიაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელის ერთ-ერთი ავტორია. ის არ უარყოფს,რომ ყოველდღიურად აქტიურად იყენებს ჩიპიან ელექტრონულ მოწყობილობებს, თუმცა ელექტრონულ პირადობის მოწმობას მაინც ეწინააღმდეგება. არადა, წმინდა სინოდმა ჯერ კიდევ 7 წლის წინ განჩინებაში მკაფიოდ განმარტა, რომ ეს დოკუმენტი საფრთხის შემცველი არ არის.
თემა რომელზეც მოსარჩელეს საუბარი არ სურს, მთავარი არგუმენტია არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. მესამე სექტორი განმარტავს, რომ წმინდა სინოდის 2013 წლის განჩინების დოკუმენტი სასამართლოსთვის უნდა იყოს უტყუარი დასტური, რომ მართლმადიდებელთა რწმენის თავისუფლება არ იზღუდება. სპეციალისტების შეფასებით, წარმოდგენილი საჩივარი სერიოზულობის ტესტს ვერ აკმაყოფილებს
განსხვავებული ხედვა აქვს გიორგი მშვენიერაძეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ არჩევანის თავისუფლება ამ მიმართულებითაც.
კონსტიტუციონალისტის ამ მოსაზრებაზე პასუხის გაცემა დღეს იუსტიციის მინისტრმა სცადა. თქვა, რომ თანამედროვე პირადობის მოწმობა, ბევრ სხვა სარგებელთან ერთად, არჩევნების სანდოობის მაღალ ხარისხსაც უზრუნველყოფს.
ეჭვები ოპოზიციას დღეს სწორედ საარჩევნო მიმართულებით გაუჩნდა. ლიდერები ფიქრობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ხელისუფლების მითითება შეასრულა.
პოლიტიკური ბრალდებების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს განმარტა, რომ ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის. გუშინ მოსამართლეებმა პირადობის მოწმობების გაცემის მოქმედი ნორმა საკითხის არსებით განხილვამდე შეაჩერეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საკითხის საბოლოოდ გარკვევამდე მოქალაქეებს უჩიპო დოკუმენტაციის მიღების საშუალება უნდა მიეცეთ.
როდის დაიწყება საკონსტიტუციო სასამართლოში საკითხის არსებითი განხილვა, უცნობია. ვადები არ არის განსაზღვრული.
მხარებმა საკუთარი არგუმენტები დასაბუთებულად უნდა წარმოადგინონ. მოქალაქეთა ნაწილი ამბობს, რომ სჯერა აპოკალიფსის და ჩიპიან პირადობის მოწმობებს საფრთხედ აღიქვამს. ადამიანები, რომლებიც ალტერნატიული დოკუმენტის გარეშე რჩებიან, სოციალური მომსახურებით ვერ სარგებლობენ.