09 სექტემბერი 2026,   09:29
ვრცლად
ტიპიურად მიმდინარე ვირუსია, მთავარია დროულად აღმოჩენილი დახმარება - ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსზე 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველო კვლავ "მწვანე ზონაში" რჩება, რაც ვირუსის გავრცელების დაბალ რისკს გულისხმობს. 

ტიკარაძის თქმით, კორონავირუსთან გამკლავება დროული დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში შესაძლებელია.

"კვირაზე მეტია ტარდება პრევენციული ღონისძიებები ჩვენ სასაზღვრო ზონებზე, სადაც შემოწმებულია ყველა ის მოქალაქე, რომელზეც შეიძლება იყოს მიტანილი ეჭვი, რომ ის შეიძლება იყოს პოტენციურად კორონავირუსის მატარებელი. ამ პრევენციულმა ღონისძიებებმა გამოიწვია ის ფაქტი, რომ საქართველო დღესაც იმყოფება "მწვანე ზონაში." ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს რესურსი, რომ გავუმკლავდეთ კორონავირუსს, ვინაიდან ეს არის ტიპიურად მიმდინარე ვირუსი, მთავარი რაც არის ამ შემთხვევაში არის, რომ დროულად იქნეს აღმოჩენილი დახმარება,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამ ეტაპზე, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ექიმების განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ 3 პაციენტი იმყოფება. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, კლინიკური მონაცემებით, პაციენტებს კორონავირუსი არ აქვთ, თუმცა ეჭვების საბოლოოდ გამოსარიცხად განსაკუთრებული ზედამხედველობის ქვეშ ამ დრომდე რჩებიან.

"ინფექციურ საავადმყოფოში სულ შემოსულია 7 პაციენტი, როგორც საეჭვო, შესაძლო შემთხვევა კორონავირუსით ინფექციაზე. ამჟამად საავადმყოფოში რჩება სამი ადამიანი. სამივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა და სამივე იმყოფებოდა ჩინეთში. კლინიკური მონაცემებით, ჩვენ არ მოველით, რომ რომელიმე მათგანს ეს ვირუსი დაუდასტურდება, თუმცა ამისი 100%-იანი გარანტია არ არსებობს, ვინაიდან ეს დაავადება მიმდინარეობს როგორც მძიმე ფორმით, ისე შეიძლება მიმდინარეობდეს მსუბუქად,"-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მედპერსონალის ინფორმაციით, როტერდამის ლაბორატორიიდან კვლევების პასუხი, სავარაუდოდ, ხვალ იქნება, რის მიხედვითაც საბოლოოდ დადასტურდება ან გაქარწყლდება ეჭვი კორონავირუსის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჩინეთში ქალაქ უხანიდან გავრცელდა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 361-ს მიაღწია. ოფიციალური მონაცემებით, ვირუსით დაინფიცირების 17 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

დღის ამბები