"მწვანე სკოლამ" სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის მიერ მითითებული რეკომენდაციები გაითვალისწინა და დაკისრებული ჯარიმაც გადაიხადა, ამის შესახებ განცხადება სკოლის დამფუძნებელმა კახა დავითურმა გააკეთა.
"ყველა ის პუნქტი, რომელიც მითითებული იყო სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის რეკომენდაციებში ჩვენ გავითვალისწინეთ და შევასრულეთ. გადავიხადეთ ჯარიმა და მივწერეთ შესაბამისი წერილი რომ შესრულებულია ყველა მათი მითითება. არანაირი პრეტენზია მე არ მაქვს ცხადია, დანარჩენი იქ რაც არის მითითებული ყველა მოქმედება მიმდინარეობდა პოლიციის მითითებით, რომელიც იმ წუთას იყო სკოლაში,"- განაცხადა დავითურმა.
"მწვანე სკოლის" საკითხის შესწავლა, სკოლის ყოფილი მოსწავლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობის საქმის ფარგლებში მოხდა. სწორედ „მწვანე სკოლის“ კედლებისა და ინვენტარის მოხატვის ფაქტთან დაკავშირებით იქნა პოლიციაში გამოკითხული 15 წლის ლუკა სირაძე.
არასრულწლოვანზე ჩვენების მიცემის იძულებით გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანია დაკავებული. სკოლას კი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა პერსონალური მონაცემების კანონის დარღვევით დამუშავებისთვის დაეკისრა. კერძოდ, როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი: "შემოწმების შედეგად, სხვა დარღვევებთან ერთად, დადგინდა, რომ სკოლაში არ იყო განთავსებული ვიდეოთვალთვალის მიმდინარეობის შესახებ შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები; ვიდეოთვალთვალი ხორციელდებოდა ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში (კერძოდ, საპირფარეშოსთვის გამოყოფილი ოთახის შესასვლელ სივრცეში, სადაც განთავსებულია ე.წ. "კაბინები"); ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით მონაცემთა დამუშავებისას სკოლის მიერ არ იყო მიღებული მონაცემთა უსაფრთხოების დასაცავად სათანადო ზომები; სკოლის მიერ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოხდა ვიდეოჩანაწერების გამჟღავნება."
ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, შპს "თბილისის მწვანე სკოლის" შემოწმების ფარგლებში გამოვლინდა გარემოებები, რომლებიც მიუთითებს სკოლის მხრიდან არა მხოლოდ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, არამედ "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესების შესაძლო დარღვევაზე. კერძოდ, სკოლის ადმინისტრაციამ: სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, პოლიციის თანამშრომლების მოსწავლეებთან გასაუბრების პროცესში მონაწილეობის მიღების მიზნით დროულად არ გამოიძახა კანონიერი წარმომადგენლები და არ დაასწრო ფსიქოლოგი; ერთ-ერთ მოსწავლეს წარუდგინა სკოლის ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები მისი ყოფილი კლასელის ამოცნობის მიზნით და არ უზრუნველყო მოსწავლეთა პირადი მიმოწერის ამსახველი ჩანაწერების დაცვა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიმართა საქართველოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს სკოლაში გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების საკითხის გადაწყვეტის მიზნით.