20 აპრილი 2024,   05:03
ვრცლად
საკადრო წმენდით დაწყებული რეორგანიზაცია აჭარის ტელევიზიაში - დირექტორი თანამშრომლებს კონტრბრალდებებით პასუხობს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილემ უკვე მიიღო გაფრთხილება, რომ შესაძლოა მალე თანამდებობიდან გაათავისუფლონ. მაია მერკვილაძისთვის ეს კიდევ ერთი მტკიცებულება აღმოჩნდა იმისა, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა იცვლება, მენეჯმენტისადმი კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს კი ტელევიზიაში აღარ ამუშავებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოსა და ტელევიზიის ჟურნალისტები ეჭვობენ რომ წმენდა, რომელიც რეორგანიზაციის სახელით დაიწყო, სარედაქციო პოლიტიკის შეცვლით დასრულდება. მათთვის ახალი დირექტორის საკადრო პოლიტიკა მიუღებელია.

ამ დროისთვის, მაუწყებელზე საინფორმაციო სამსახურის უფროსის მიმართ დისციპლინური წარმოებაა დაწყებული, ტელევიზიის ახალი დირექტორი კი შტატების შემცირებას გეგმავს. პირველი საკადრო გადაადგილება საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეებს შეეხებათ. თუმცა, მენეჯმენტში ამტკიცებენ, რომ ამით არხის სარედაქციო პოლიტიკას საფრთხე არ შეექმნება.

გიორგი კოხრეიძე მაუწყებელში შავი ფულის არსებობაზეც ალაპარაკდა, დეტალებზე დღეს აღარ უსაუბრია, თუმცა თქვა, რომ მოკვლევა ყველა კითხვას პასუხს გასცემს.

მენეჯმენტის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობდა მაუწყებლის დირექტორის ყოფილი მოადგილეც. ნათია ზოიძე არხიდან მას შემდეგ წამოვიდა, რაც ხელშეკრულების პირობები შეუცვალეს და სარედაქციო პოლიტიკას საერთოდ ჩამოაშორეს. ახლა მაუწყებელზე განვითარებულ მოვლენები მას აფიქრებინებს, რომ წინასაარჩევნოდ საინფორმაციო პოლიტიკა მმართველი გუნდის სასარგებლოდ შეიცვლება.

აჭარის მაუწყებლის ახალი დირექტორის ახალი საკადრო პოლიტიკა საგანგაშოა მესამე სექტორისთვისაცმედიაკოალიციამ დღეს ერთობლივი განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პროცესები არხის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე უარყოფითად აისახება. ისინი რეაგირებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებაზე მას შემდეგ დაიწყო საუბარი, რაც გასული წლის აპრილში მაუწყებლის დირექტორი ნათია კაპანაძე იმპიჩმენტს გზით გადააყენეს. ახალი დირექტორის არჩევის შემდეგ კი არხი რამდენიმე თანამშრომელმა უკვე დატოვა.

დღის ამბები