თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში დედის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და დაკავებული ბ.ს. პატიმრობაში დატოვა. პატიმრობას ბრალდების მხარემ მოითხოვა რადგან, პროკურორის მტკიცებით, არსებობდა მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.
დაცვის მხარე ბრალდებულისთვის 1000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, 3 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1991 წელს დაბადებული ბ.ს. დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავა. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2 მარტს, ბრალდებულმა დედას - 1958 წელს დაბადებულ თ.ტ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, გარდაცვლილი ქალის ცხედარს მათსავე საცხოვრებელი სახლის ეზოში ცეცხლი წაუკიდა.