სოციალურ ქსელში შემზარავი კადრების გავრცელების შემდეგ 16 საათზე მეტი გავიდა, თუმცა მოძალადე დედა საკუთარ შვილს განრიდებული არ არის. 3 თვის ჩვილი ისევ დედასთან ერთად იმყოფება. შეიცვალა მხოლოდ ის, რომ სახელმწიფო უწყებები პროცესს აკვირდებიან.
ვიდეო ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაღებული. 3 თვის ბავშვს, რომელსაც სიცხე და ყურის ანთება აქვს, დედა ფიზიკურად უსწორდება. ურტყამს რამდენჯერმე, მათ შორის თავში და სახეში. ძალადობა რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდება და მის შეჩერებას არავინ ცდილობს, მათ შორის არც ვიდეოს ავტორი. აღსანიშნავია, რომ სოციალური სააგენტო პროცესში ჩაერთო.
ბავშვის დედის განცხადებით, ბავშვზე ფორმალური მზრუნველობა ბებიებს აქვთ აღებული. მისივე თქმით, მას მომხდარის დეტალები არ ახსოვს.
ბავშვის დედის განცხადებით, მან თვითნებურად დატოვა ბავშვთან ერთად საავადმყოფო, რადგან ოჯახს არ ჰქონდა შესაძლებლობა ფინანსური პასუხისმგებლობა აეღო.
"არაფერი მახსოვს, ძალიან ცუდად ვიყავი. ორი ღამე ვიყავი უძინარი და არაფერი არ მახსოვს საერთოდ... ნერვოზი გჭირსო და სამკურნალო ხარო. მე მარტო არ ვზრდი. დედამთილი და ბებია მაზრდევინებენ. ინჰალაციას ვუკეთებდი, ისტერიკულად ტირილი დაიწყო და 2-3-ჯერ მოვარტყი, მეტი არაფერი. მე არ მაქვს მიკარების უფლება. ბებია და დედამთილი უვლიან," - განაცხადა ბავშვის დედამ.
საავადმყოფომ მომხდარის შესახებ გაიგო იმ ვიდეოკადრების შემდეგ, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. როგორც ექიმი აცხადებს, საავადმყოფოში დედა ბავშვის მდგომარეობას გულგრილად ეკიდებოდა.
"მშობლებს შევთავაზე, რომ ამ ბავშვის სახლში გაშვება არ შეიძლება, უნდა მოთავსდეს სტაციონარში. ყოველდღე მეუბნებოდა დედამისი, რომ გაგვეშვა, აქ ვერ ჩერდებოდა. დავრეკე არასამთავრობოში და მოვუყევი ეს მდგომარეობა," - განაცხადა ექიმმა.
ოჯახში სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ოჯახი, მძიმე მატერიალური პრობლემების არსებობის გამო, დახმარებას საჭიროებს.
შსს-ს გამოძიება 126-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ძალადობას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.