ფოთში, ქალაქის შემოსასვლელში მდებარე ბლოკპოსტზე მგზავრთა თერმოსკრინინგისას 2 მოქალაქეს მომატებული ტემპერატურა დაუფიქსირდა. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს და ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.
"დღეიდან ქალაქის შემოსასვლელ-გასასვლელს აკონტროლებს თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფები და მათი მედპერსონალი. კონტროლდება ყველა შემომსვლელი და გამსვლელი პირი. მათ უტარდებათ თერმოსკრინინგი. იმ შემთხვევაში, თუ პერსონალმა მგზავრებში აღმოაჩინა ტემპერატურული რეაქცია, ინფორმაცია მოდის ჩვენამდე. ვუშვებთ სასწრაფო დახმარების ბრიგადას და მათ გადაჰყავთ ქალაქის საავადმყოფოში, რომელიც დღეიდან ფუნქციონირებს როგორც ცხელების ცენტრი. დღეს გვქონდა ორი შემთხვევა, ერთ მგზავრს აღენიშნებოდა ტემპერატურა 38,8 , მეორეს 37,1 და ორივე მოთავსებულია საავადმყოფოში შემდგომი გამოკვლევისა და ზედამხედველობის მიზნით,"- განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელმა კესო გელენიძემ
კესო გელენიძის ინფორმაციით, ფოთიდან საკარანტინო სივრცეში დღეს 5 პირი გადაიყვანეს. მისივე თქმით, მათ იმ ბათუმელ მძღოლთან ჰქონდათ კონტაქტი, რომელსაც გუშინ covid19 დაუდასტურდა.
"ჩვენთან შემოვიდა შეტყობინება, რომ ბათუმელი მძღოლს, რომელმაც გაიარა ფოთი, ჰქონდა მანქანის ტექნიკური პრობლემა და გაჩერდა ერთ-ერთ ტექდათვალიერების ჯგუფთან, მას დაუდასტურდა კორონა. ეპიდემიოლოგიური სამსახურის მიერ მოძიებულ იქნა მასთან კონტაქტში მყოფი პირები, ასეთი აღმოჩნდა ხუთი. ჩვენი სამსახურის მიერ კოორდინირებული მუშაობით, საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი სამსახურის ცენტრთან შეთანხმებით, გადაყვანილი არიან ბათუმის საკარანტინო სივრცეში,"- კესო გელენიძემ.