18 ნოემბერი 2024,   18:51
ვრცლად
კორონავირუსი სამეგრელოში - პრევენციული ღონისძიებების უგულებელყოფის გამო აგრარული ბაზრები, შესაძლოა, დაიხუროს

ზუგდიდში ოკუპირებული აფხაზეთიდან დღეს დილით გადმოყვანილი 7 ადამიანი ექიმების დაკვირვების ქვეშ, ანაკლიის საკარანტინო ზონაში იმყოფება. შვიდივე პაციენტი იმ ქალის კონტაქტებს წარმოადგენს, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში სამკურნალოდ ოკუპირებული ტერიტორიიდან 29 მარტს გადმოიყვანეს.

დღის მეორე ნახევარში კი, ქართულ მხარეს ოკუპირებული გალიდან დახმარების თხოვნით კიდევ ერთმა პირმა მიმართა. ის მაღალი ტემპერატურით ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს. მისი ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ფოთში იმ ადამიანების იდენტიფიცირება დაასრულა, ვისაც კონტაქტი სატვირთოს იმ მძღოლთან ჰქონდა, რომელსაც კორონავირუსი სომხეთში დაუდგინა. მძღოლს საქართველოს ტერიტორიაზე 7 პირთან ჰქონდა კონტაქტი. შვიდივე მათგანი ახლა იზოლირებულია და ექიმები აკვირდებიან.

პარალელურად, ფოთში უკვე გახსნილია ცხელების ცენტი, სადაც 4 ადამიანია გადაყვანილი, მათ შორის ერთი ბავშვია. COVID 19-ზე ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, სენაკში, ფოთსა და ზუგდიდში, შესაძლოა, აგრარული ბაზრები დაიხუროს. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, მოვაჭრეები სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციას არ ასრულებენ. ალექსანდრე მოწერელიას ბაზრების ადმინისტრაციას ერთ დღიან ვადას აძლევს.

ზუგდიდის ბაზარში ამბობენ, რომ ადგილზე დეზინფექცია სისტემატურად ხდება და რეკომენდაციებს შესაძლებლობის ფარგლებში იცავენ

COVID19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ფოთისა და ზუგდიდის ტერიტორიაზე გადაადგილება ბლოკპოსტების გავლით არის შესაძლებელი. სამართალდამცველები და სამხედრო ექიმები მუნიციპალიტეტში შესვლის მსურველ ყველა მოქალაქეს და ავტომობილს ამოწმებენ. საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში,  მოქალაქეები საველე სამედიცინო პუნქტში მოწყობილ იზოლაციის ზონაში გადაჰყავთ.

ზუგდიდსა და ფოთში, ამ დროისთვის, 9 ბლოკპოსტია განთავსებული, მათ შორის 6 - სოფლის შესასვლელებში. ადგილზე შესაბამისი კონტროლი 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

დღის ამბები