ფული დასახელდა ეროვნული ბანკის საცავის 16 თანამშრომლის ინფიცირების მიზეზად. კორონავირუსი დაუდგინდათ ბანკის თანამშრომლის ოჯახის წევრებსაც - 2 ახალი შემთხვევა დღეს დადასტურდა ინფექციურ საავადმყოფოში. ინფიცირებულები 70 წელს გადაცილებული პირები არიან, აქედან ერთს, ხანშიშესულ მამაკაცს, ასაკიდან გამომდინარე, ქრონიკული დაავადებები აქვს.
ფული გახდა, სავარაუდოდ, იმ 81 წლის ქალის ინფიცირების წყარო, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას შეხება ჰქონდა ბანკომატიდან გამოტანილ თანხასთან.
ეროვნული ბანკის კლასტერიდანაა 14 წლის მოზარდიც, რომელსაც ვირუსი დღეს დაუდგინდა. თავდაპირველად კოვიდ-19 დაუდასტურდა მშობელს, რომელიც საცავის თანამშრომელია. მოგვიანებით, მის მეუღლეს. ახლა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ოჯახის 3 წევრია ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.
ვირუსის წყარო გაურკვეველი რჩება ინფიცირებული სტიქაროსნის შემთხვევაშიც. ოჯახის წევრები დაინფიცირების მიზეზად ლიფტით მგზავრობას ვარაუდობენ. "კურიერთან" ინტერვიუში სტიქაროსნის დედა ამბობს, რომ კორპუსში მცხოვრებ მეზობლებს COVID-19 დაუდასტურდათ. ისინი იმავე ლიფტით სარგებლობდნენ.
ოჯახის თქმით, მას შემდეგ, რაც 80 წელს გადაცილებულ მამაკაცს დაუდგინდა ახალი კორონავირუსი, სახლიდან არ გასულან.
ექიმები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში დღემდე აკვირდებიან ვირუსის განვითარების ეტაპებს და ამბობენ , რომ დაავადება მოსახდელია და მოსახლეობის 80 % კლინიკური ფორმით, ხოლო 20% საშუალო და მძიმე ფორმებით მოიხდის.
ეპიდემიოლოგები ვირუსის გავრცელების უამრავ ვერსიაზე საუბრობენ. მაშინ, როდესაც ქვეყანაში შიდა გადაცემის არა ერთი ფაქტი დაფიქსირდა, ნებისმიერი ნივთი და ადგილი, რასაც ადამიანი ეხება, მათ შორის - პროდუქტები, შეიძლება გახდეს ინფიცირების წყარო.
თბილისში კორონავირუსით 109 პირია ინფიცირებული , აქედან 60% -ს პნევმონია აქვს. კრიტიკულ მდგომარეობაში, დაახლოებით, 6 პაციენტია, თუმცა, ექიმების ინფორმაციით, ყველა მათგანი მკურნალობას ექვემდებარება.