09 სექტემბერი 2026,   09:36
ვრცლად
ბრმა ტყვიით მოკლული ქალის ოჯახს გამოძიებასთან კითხვები აქვს

გაუფრთხილებლობით მკვლელობა - ამ მუხლს დღეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ სამართალდამცველ სოსო გაბრიაძეს, რომლის ბრმა ტყვიასაც თბილისში 50 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გამოძიების ვერსიით, მოპირდაპირე კორპუსის აივნიდან გასროლილი ტყვია მეშვიდე სართულზე სახლში მყოფ ქალს თავის არეში მოხვდა. როგორც "კურიერს" რესპონდენტები უყვებიან, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლი სოსო გაბრიაძე იარაღიდან გასროლით დღესასწაულებს ხშირად აღნიშნავდა და ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა.

გარდაცვლილი ქალის სიძის, თემურ პირველაშვილის განმარტებით, ოჯახს გამოძიებასთან კითხვები აქვს.

"ქალი საკუთარ, ერთადერთ შვილიშვილს, რომელზეც სული მისდიოდა, იმას არ ნახულობდა. სახლიდან არ გამოსულა ერთი თვეა.

კითხვები მაქვს თავისთავად, 570 მეტრზე მაკაროვის სისტემის იარაღმა რომ შეიძლება გაისროლოს, ვერავინ ვერ დამაჯერებს. ყველაფერი ისე მოხდება და გამოიძიებენ, როგორც საჭიროა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თვითონ საცოდავი უნდა მიხვდეს, რაც ჩაიდინა და კაცურად მოიხადოს ის სასჯელი, რაც ეკუთვნის," - განაცხადა გარდაცვლილის სიძემ თემურ პირველაშვილმა.

სოსო გაბრიაძის ადვოკატის, ცოტნე წერეთელის განმარტებით, სოსო გაბრიაძემ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა და მომხდარის გამო ახლა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია.

ადვოკატი ბრალდებულს გუშინ შეხვდა. ადვოკატის თქმით, საქმის დეტალებზე საუბარს არ აპირებს.

 

 

დღის ამბები