07 მაისი 2024,   13:10
ვრცლად
მულახში მომხდარ მკვლელობაში დანაშაულის ჩამდენ პირს პოლიცია ამ დრომდე ეძებს

სისხლიანი გარჩევა ქართველ მესაზღვრეებს შორის მულახში და მკვლელობა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. გამოძიების ვერსიით, მესაზღვრეები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, როცა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. ერთ-ერთი ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის ჩამდენ პირს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. 

არსებული ინფორმაციით, მოკლულსა და მკვლელობაში ბრალდებულს შორის ადრე კონფლიქტი არ ყოფილა და  ბესიკ იოსელიანი 2 დღიანი მორიგეობის შემდეგ, სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც ტელეფონზე კონკრეტულმა თანამშრომელმა დაურეკა და  უკან მიაბრუნა. 

"კურიერის" გადამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ეს შემთხვევა გუშინ დღის მეორე ნახევარში მოხდა. დანაშაულს, სავარაუდოდ, რამდენიმე თვითმხილველები ჰყავს, მათ შორის ,სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებიც არიან, თუმცა ისინი მომხდარზე საუბრისგან თავს იკავებენ.

ცხედარს ექსპერტიზა ქუთაისში ჩაუტარდა და სავარაუდოდ, დანაშაულთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

"კურიერი" სასაზღვრო პოლიციის უფროსთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. 

რაც შეეხება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ისინი გამოძიების შედეგებს ელოდებიან.

"აზრი არა აქვს ძებნილის ოჯახის წევრებთან საუბარს, რა უნდა გვითხრან იმათ, არ იციან, სახლში ხომ არ მოხდა ეს ყველაფერი. მიდის გამოძიება, შესაბამისად, გამოძიება დაადგენს რა მოხდა და როგორ მოხდა. ორივე ჩემი სისხლით ნათესავები არიან, ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ახლა მე ვარ. სვანეთში ყველა სიტყვას თავისი ფასი აქვს და ზედმეტად არავინ უნდა ილაპარაკოს," - აცხადებს მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი.

გამოძიებას საქართველოს პროკურატურა აწარმოებს. უწყებამ გაავრცელა განცხადება, სადაც დანაშაულის დეტალებზე საუბარი არ არის, თუმცა აღნიშნულია, რომ შემთხვევას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება. მოტივი დაკონკრეტებული არ არის. ამავე განცხადებიდან ირკვევა, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, ბესიკ იოსელიანი ადგილზევე გარდაიცვალა.

დღის ამბები