დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ "ღამის კურიერის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მასობრივი ტესტირების ჩატარების ეტაპი ქვეყანაში ჯერ არ დამდგარა. პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ დღეს ქვეყნის მასშტაბით 700 ტესტი ჩატარდა, რომელთაგან 300-ზე მეტი ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან იყო.
"მარტო დღეს, ქვეყანაში გაკეთდა 700 ტესტზე მეტი. ყველაფერი კეთდება იმის მიხედვით, თუ როგორი სიტუაციაა. ჩვენ ნუ ვედრებით ისეთ ქვეყნებს, რომლებმაც პიკი გადაიარეს.
უსიმპტომო ადამიანების ტესტირებას რაც შეეხება, ყველაფერს თავისი დრო აქვს. დღეს, მარტო ლუგარში 470-მდე ტესტი ჩატარდა და აქედან 300-ზე მეტი იყო მარტო ბოლნისი რაიონიდან. ბოლნისი არ არის დიდი რაიონი. ვიცით, რომ იქ არის კლასტერი. ახლა შედეგებს ვუყურებთ. არ შემიძლია წინასწარ შედეგების თქმა. მოგეხსენებათ, სანამ პაციენტი არ გაიგებს თავის პასუხს, მე იმის უფლება არ მაქვს რამდენი იყო დადებითი, რადგან იმ 400 ადამიანიდან ყველამ შეიძლება თავის თავზე მიიღოს,"-განაცხადა პაატა იმნაძემ.