18 ნოემბერი 2024,   17:35
ვრცლად
რა შედეგებს მოგვცემს შეზღუდვების გახანგრძლივება კორონავირუსთან ბრძოლაში - ჯერ კიდევ უცნობია, როდის ჩადგება ქვეყანა ჩვეულ რიტმში

ხელისუფლებამ მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებასთან დაკავშირებით მიღებული შეზღუდვების გადაწყვეტილება დღეს კიდევ ერთხელ განმარტა. პრემიერის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და მკაცრი შეზღუდვების დაწესების მიზანი ერთია - მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და გამკაცრებული ზომების შემსუბუქება უკვე უსაფრთხო გარემოში.

მსოფლიო პანდემიის პირობებში ჯერ კიდევ უცნობია, როდის ჩადგება ქვეყანა ჩვეულ რიტმში. "ღამის კურიერში" საუბრისას პაატა იმნაძე განმარტავს, რომ იქამდე, სანამ მსოფლიოში კორონავირუსთან გასამკლავებელი პრეპარატი, ან ვაქცინა შემუშავდება, გარკვეულ თავყრილობებზე, წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებზე უარის თქმა მოგვიწევს. პაატა იმნაძის გათვლებით, ეს პროცესი კიდევ ერთ წელს გასტანს. 

ქვეყანაში შეზღუდვების როგორც დაწესების, ისე მოხსნის გადაწყვეტილებას ხელისუფლება ეპიდემიოლოგების რჩევის შესაბამისად იღებს. ექიმებს თქმით, არსებული ტემპი სტაბილურობის იმედს იძლევა. მიზეზი, რაც ქვეყანაში კომენდანტის საათსა და მკაცრს შეზღუდვებს შეამსუბუქებს, ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების შემცირებაა. 

ახალი იდეა და ინიციატივა აქვს დედაქალაქის მერსაც. ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით კახი კალაძე ფიქრობს, რომ კვირაში ორი დღე მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე უარის თქმა მომდევნო პერიოდშიც შესაძლებელია.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტომობილებით გადაადგილება 27 აპრილამდე იკრძალება. 22 მაისამდე მოქმედებს საგანგებო რეჟიმი და კომენდანტის საათი. როდიდან დაუბრუნდება ქვეყანა ცხოვრების სრულფასოვან ტემპს, ეს საზოგადოების მხრიდან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების დაცვაზეა დამოკიდებული. 

დღის ამბები