პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა.
მისივე ინფორმაციით, სხვა განყოფილებაში მყოფი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.
"რეანიმაციულ განყოფილებაში წევს 8 პაციენტი, აქედან 3 არის სპონტანურ სუნთქვაზე. მათი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია და, ამიტომ, რამდენიმე დღეში გადმოვლენ სხვა განყოფილებებში. 5-ის მდგომარეობა რჩება მძიმედ. იმყოფებიან მართვით სუნთქვაზე, მაგრამ ერთი დადებითი კლინიკა ვლინდება, რომ გემოდინამიკის სტაბილიზაციისთვის არცერთ მათგანს არ სჭირდება დამატებითი ჩარევა, რაც იმას ნიშნავს, რომ შოკი ამ პაციენტებთან მოხსნილია.
რაც შეეხება სხვა განყოფილებებში არსებული პაციენტების მდგომარეობას, მათი მდგომარეობა სტაბილურია, უარყოფითი დინამიკის გარეშე,"-განმაცხადა ლევან რატიანმა.
ლევან რატიანის თქმით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი არ ჰყავთ. მისივე ინფორმაციით, მათ კლინიკაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 4 პაციენტი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებას დღეს დატოვებენ.
"კლინიკაში 99 პაციენტია, აქედან ინფიცირებულია 81. ახალი შემთხვევა ბოლო24 საათის განმავლობაში კლინიკაში არ შემოსულა. მინდა გითხრათ, რომ დღეს ვწერთ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ 4 პაციენტს და კლინიკას რამდენიმე საათში დატოვებენ,"-განაცხადა ლევან რატიანმა.
ლევან რატიანმა მადლობა გადაუხადა კომპანია "გალფს", რომელმაც, მისი თქმით, იმ მედპერსონალის კვებაზე აიღო პასუხისმგებლობა, რომლებსაც კლინიკაში 14 დღის განმავლობაში დარჩენა უწევთ.