03 ოქტომბერი 2024,   02:31
ვრცლად
ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი შესაძლოა ახალი სპორტის სასახლის გარეშე გაიხსნას

თბილისში ახალგაზრდული ოლიმპიადის დაწყებამდე თვეზე მეტი რჩება, დღეს კი ცნობილი ხდება, რომ ოლიმპიადისთვის შესაძლოა გარკვეული შენობების დროული დასრულება ვერ მოხდეს.

ერთ-ერთი ასეთი ახალი შენობა ახალი სპორტის სასახლეა. არსებობს ეჭვი, რომ შენობის დროულად აშენება ვერ მოხერხდება, რის გამოც არ არის გამორიცხული, რომ ოლიმპიადისთვის მის ნაცვლად ძველი სპორტის სასახლე გამოიყენონ.

ახალ სპორტის სასახლეს ხელბურთის შეხვედრებისთვის უნდა ემასპინძლა. შეცვლილი გეგმების გამო ქართულმა მხარემ ევროპის ხელბურთის ფედერაციისგან შენიშვნა უკვე მიიღო.

შეცვლილი გეგმების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ მშენებლობაზე მომუშავე სპეციალისტები. ისინი აცხადებენ, რომ გეგმას მიჰყვებიან და ობიექტს დათქმულ დროს - 30 ივნისს, ოლიმპიადის დაწყებამდე, ჩააბარებენ. 

სპორტის სამინისტროში აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

ახალი სპორტის სასახლე 17-მილიონიანი პროექტია. უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ობიექტის მშენებლობა 4 თვის წინ დაიწყო. 

ახალგაზრდულ ოლიმპიადას სპორტის 9 სახეობაში თბილისი ივლისის ბოლოს ორი კვირით უმასპინძლებს.

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე

 
ამავე თემაზე
დღის ამბები