18 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
ონლაინმოგზაურობა მუზეუმში და გაცოცხლებული ნახატები - საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა ახალი ონლაინპლატფორმა შექმნა

საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა ახალი ონლაინპლატფორმა შექმნა. დამთვალიერებელს შეუძლია ექსპონატები ონლაინ დაათვალიეროს. ონლაინკამპანია რამდენიმე ეტაპს მოიცავს. ნებისმიერ ადამიანს საყვარელი ნახატის გაცოცხლება, მსოფლიოს წარსულში მოგზაურობა და ძველი ფოტოებისა თუ დოკუმენტების რესტავრაცია, სახლიდან გაუსვლელად შეუძლია.

ქეთი ბულუხია ერთ-ერთია, ვინც ეროვნული მუზეუმის ახალ ინიციატივაში ჩაერთო და ფიროსმანის ცნობილი ნახატი-"ორთაჭალის ტურფა მარაოთი" გააცოცხლა. პლატფორმა დამთვალიერებლებისთვის ახალ შესაძლებლობებს იძლევა. მასთან ერთად ონლაინ კამპანიაში ნინო სიხარულიძე და თამარ ბენდელიანიც მონაწილეობენ. ამჯერად მათ ფიროსმანის "ორთაჭალის ტურფა" და "ქართველი ქალი მარაოთი" გააცოცხლეს. ახლა ნებისმიერ ადამიანს თავისი საყვარელი ნახატის ანალოგი ფოტოსურათის გადაღება და ამ ფორმით მისი თანამედროვე ვერსიის შექმნა შეუძლია.

აღმოსავლურ კოლექციებს, საქართველოს არქეოლოგიასა და საბჭოთა ოკუპაციის ამსახველ ექსპოზიციას ახლა 3D ფორმატში ვხვდებით. სხვადასხვა სივრცეში ონლაინმოგზაურობისას ისეთი ცნობილი ექსპონატების დათვალიერება შეგვიძლია, როგორიც თრიალეთის ოქროს თასი, მე-17 საუკუნის ქართული კოსტიუმი, კუს გამოსახულებიანი ოქროს ყელსაბამი და 8 ათასი წლის წინანდელი ქვევრია.

ონლაინპლატფორმამ რესტავრატორებს, თავიანთ საქმიანობაში ახალი მიმართულება მისცა. ფოტოსურათის გასუფთავებას, დაზიანებული დოკუმენტების აღდგენასა და კერამიკული ჭურჭლის რესტავრაციას ახლა ვიდეოებიდან, სახლის პირობებში ვსწავლობთ.

მსოფლიო ისტორიის წარსულში მოგზაურობა და ხელახალი აღმოჩენების გაკეთება ახლა სასურველი სივრცის მითითების შემდეგ შეგვიძლია. მათთვის, ვინც მუზეუმის ხშირი სტუმარი იყო, პანდემიის პირობებში ვირტუალური ტურის დაგეგმვა უკვე სახლიდან გაუსვლელად შეუძლია.

დღის ამბები