ტურიზმის სექტორი გახსნისთვის ემზადება, თუმცა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინება ამ სფეროში მომუშავეებს კიდევ დიდ ხანს მოუწევთ. გამკაცრებული ჰიგიენა და მინიმალური კონტაქტი მომხმარებელთან, ეს ის სავალდებულო ნაწილია რომელსაც მთავრობა ყველაზე კონტაქტურ ბიზნესს უწესებს. თუმცა ტურიზმის სექტორში ოპერირებული სასტუმროების მფლობელთა ნაწილი გარკვეული ცვლილებების დანერგვაზე უკვე მუშაობს.
"აჭარა ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორის ვალერი ჩეხერიას განცხადებით, სასტუმროში გახსნისთანავე ყველა თანამშრომელი და სტუმარი თერმოსკრინინგს ყოველდღიურად გაივლის, ასევე დამონტაჟდება დეზობარიერები. მომუშავე პერსონალსა და სტუმარს შორის კონტაქტი მაქსიმალურად იქნება შემცირებული. გაუქმდება "ბუფეტის" ტიპის საუზმეები და საკვების მხრივ მომსახურება ოთახშივე იქნება შესაძლებელი. სასტუმრო ნომრებში გამკაცრდება დალაგების პრინციპი.
ვალერი ჩეხერიას თქმით, შესაძლოა, დაინერგოს სპეციალური მობილური აპლიკაცია, რითაც სტუმარი ნომერში შესვლას გასაღების გარეშე, უკონტაქტოდ შეძლებს. ლიფტით მომსახურება კი შეზღუდული იქნება, ან დაწესდება ლიმიტი, თუ რამდენი ადამიანს ექნება ერთდროულად ლიფტით სარგებლობის შესაძლებლობა.
"პირველ რიგში აუცილებლად გაივლის ყველა თერმოსკრინინგს, რომ ტემპერატურაზე იყოს შემოწმებული და იყოს დეზობარიერები გაკეთებული სასტუმროში შემოსვლისთანავე. შევეცდებით, რომ მაქსიმალურად მინიმალური კონტაქტი იყოს თანამშრომელს და სტუმარს შორის. ნომრის ოთახის დალაგების სამუშაოები იქნება ძალიან გამკაცრებული. არ გვექნება საუზმეზე ის გაშლილი "ბუფეტის" ტიპის საუზმე, სადაც ბევრი ხალხი შეიძლება ირეოდეს საჭმლის გადმოღების ნაწილში. იქნება უფრო მეტად დაცულობა, უფრო მეტად გამოყენებული ღია სივრცეები, ოთახშივე იქნება მომსახურეობა თუნდაც საკვების.
პირველ ეტაპზე ვთვლი, რომ შეიძლება ლიფტის გამოყენების საშუალებაც კი არ მივცეთ და მაქსიმალურად რეკომენდაცია იყოს გაკეთებული, რომ ლიფტების გარეშე იმოძრაონ იმიტომ, რომ არ არის ჩვენი სართულიანობა მაღალი. ან ლიმიტირებულად იყოს ადამიანების შესვლა ლიფტში, რომ ლიფტიც არ იყოს გადამტანი.
შეიძლება გადავიდეთ ავტომატური გაღების სისტემაზე და ტელეფონშივე მივაწვდინოთ წვდომა აპლიკაციით, რომ ნომრის გასაღები არ დამზადდეს. ამ დონეზეც ბევრ დეტალს ვფიქრობთ, რომელიც ტურიზმის, მოგზაურის დაცულობაზე იქნება ორიენტირებული და შეცვლის ამ დეტალებს," - განაცხადა ვალერი ჩეხერიამ "დღის კურიერის" ეთერში.
ეს პანდემიით გამოწვეული ახალი რეალობაა, რომელიც საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს სასტუმროებში დახვდებათ. კიდევ რა შეზღუდვების გათვალისწინება მოუწევთ სტუმრებსა და მათ მასპინძლებს, უფრო ზუსტად 15 ივნისიდან ტურიზმის გახსნის პირველ ეტაპის შემდეგ გახდება ცნობილი.