09 სექტემბერი 2026,   10:17
ვრცლად
აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი, რა თქმა უნდა, არსებობს - გიორგი რურუას ადვოკატი

ბრალდებულ გიორგი რურუას პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდება.

სასამართლო სხდომაზე გიორგი რურუას ადვოკატები მისი აღმკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებენ.

"დღეს გაგრძელდება ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა. გამოძახებულია სამი პირი დასაკითხად. ამასთან ჩვენ დავაყენებთ გიორგი რურუას გათავისუფლების შუამდგომლობას. რაც შეეხება მოლოდინებს, ჩვენ მოლოდინი გვაქვს უკვე 6 თვეა, ანუ იმ პერიოდის განმავლობაში, რაც გიორგი უკანონო პატიმრობაში იმყოფება და რომ ის გათავისუფლება. ეს არ ვიცი, მოხდება თუ არა დღეს, თუმცა აუცილებლად დადგინდება სიმართლე და გაირკვევა, რომ გიორგი რურუას ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია და მას უბრალოდ ჩაუდეს პოლიციელებმა.

აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი, რა თქმა უნდა, არსებობს. თავად ბრალდების მხარის მოწმეები, პოლიციელებიც კი არ ადასტურებენ, რომ საერთოდ, ჩხრეკის პროცესიც დაინახეს. არავის უნახავს იარაღი, გარდა იმ პირებისა, რომელსაც უშუალოდ დოკუმენტზე აქვს ხელი მოწერილი. გარკვეულწილად, სასაცილო მდგომარეობაში ვართ, როცა ორ მეტრში მდგომი პოლიციელები გვეუბნებიან, რომ მათ არ დაუნახავთ ჩხრეკა, არ დაუნახავთ იარაღი, არ გაუგიათ ხმა. ერთ-ერთმა ისიც კი გვითხრა, რომ გვიან ღამე ტელევიზორით გაიგო, რომ გიორგი რურუას ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონია. ეს ყველაფერი ბუნებრივია ცალსახად ადასტურებს გიორგის უდანაშაულობას," - განაცხადა გიორგი რურუას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დღის ამბები