ვინ გახდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე - შესაძლოა, სწორედ ის პირი, რომლის გვარიც ხვალ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ წევრად დასახელდება.
ერთი ვაკანსია საკონსტიტუციო სასამართლოში მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო ჩნდება. სასამართლოს ახალი, მე-9 წევრის გვარი ამ დრომდე უცნობია, არადა ის მოსამართლედ ხვალვე უნდა დაამტკიცონ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ახალი მოსამართლის არჩევის გადადებას და მისი გამჭვირვალობის უზრუნველყოფას მოითხოვს. საიას მიმართვას ორი ადრესატი ჰყავს - უზენაესი სასამართლო, სადაც ხვალ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურა უნდა დასახელდეს და დაინიშნოს და პარლამენტი, სადაც დღეს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონთან დაკავშირებით საკუთარი წინადადება შეიტანა. ორივე შემთხვევაში, მიზეზად პროცედურის დახვეწა და გამჭვირვალობა დასახელდა. საიას მიაჩნია, რომ პლენუმმა მოსამართლე ხვალვე არ უნდა დანიშნოს, რათა გაუმჯობესდეს გამჭვირვალობის სტანდარტი. პარლამენტისგან კი იურისტები რამდენიმე პროცედურულ ცვლილებას ითხოვენ.
სულხან სალაძე მიიჩნევს, რომ წინადადების განხილვა დაჩქარებული წესითაც შესაძლებელია, თუმცა ახლა რომც ვერ მოესწროს ცვლილებების მიღება, უზენაესმა მხოლოდ რომ დაასახელოს და არ დანიშნოს კანდიდატი, სანდოობას შესძენს პროცესს.
ცვლილებებს ეთანხმებიან და პროცედურის ბუნდოვანებაზე საუბრობენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მოსამართლეების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში კითხვები ისედაც არსებობს.
ოპოზიციის პრეტენზიები გაუგებარია უმრავლესობისთვის, სადაც აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნა უზენაესის სასამართლოს მიერ წლების განმავლობაში მოქმედი სტანდარტით ხდებოდა და ოპონენტებისგან კრიტიკა ამასთან დაკავშირებით აქამდე არ მოუსმენიათ. პროექტის საპარლამენტო მომავალს კი კომიტეტის ფარგლებში მისი განხილვა გადაწყვეტს.
მიუხედავად იმისა, რომ ხვალ უზენაესი სასამართლო, სავარაუდოდ, ახალ მოსამართლეს დანიშნავს, საკონსტიტუციო სასამართლოში ვაკანსია რეალურად 15 ივნისიდან ჩნდება, როდესაც მოქმედ თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადა ეწურება. კანონმდებლობის თანახმად, სასამართლოს თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელია. თავად ზაზა თავაძე, რომელიც ჯერ ისევ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე და, პარალელურად, სასამართლოს თავმჯდომარეა, ვადის ამოწურვის შემდეგ სასამართლოს სისტემიდან მიდის.
ვინ გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგი თავმჯდომარე - შესაძლოა, კანდიდატი ის მოსამართლეც გახდეს, რომელსაც ხვალ სავარაუდოდ უზენაესი სასამართლოს პლენუმი დანიშნავს. თუმცა, უკვე გაჟღერდა რამდენიმე გვარი ოპოზიციის მხრიდან, მათ შორის, იუსტიციის მინისტრის, რომელიც ამ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ცხრა მოსამართლისგან შედგება, სწორედ მათგან უნდა შეირჩეს ის ერთი, რომელიც სასამართლოს 5 წლის ვადით უხელმძღვანელებს.