24 აპრილი 2024,   14:20
ვრცლად
საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო პირი სუსში დაბარებას მის ბოლოდროინდელ აქტივობას და ნარიმანოვის ძეგლის საკითხს უკავშირებს

რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე სუსის გამოძიება გრძელდება. დღეს უწყებაში სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხი დაიბარეს. ასადოვი უწყებაში დაბარებას მის საქმიანობას უკავშირებს.

მირთაგი ასადოვი ​უკვე სამი საათია სუსში იმყოფება. ის უწყებაში დაბარების ერთ-ერთ მიზეზად ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის საკითხს უკავშირებს. როგორც სასულიერო პირი ამბობს, მან არაერთხელ დააფიქსირა საკუთარი აზრი ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით, მისი მოსაზრებით, საკითხი დაკავშირებით, დიალოგის და მოლაპარაკებების შედეგად უნდა გადაწყვეტილიყო.  

"სუსში დაბარებას, ბოლო დროს ჩემს აქტივისტურ საქმიანობას ვუკავშირებ. მე არაერთხელ ავიმაღლე ხმა იმ უსამართლობების მიმართ, რომელიც ირგვლივ ხდება. კარანტინის დროს აზერბაიჯანულ თემზე დიდი აგრესია იყო, თუმცა მე ყველას მოვუწოდებდი, რომ ერთი ქვეყნის შვილები ვართ და სიტუაცია არ უნდა გაგვემწვავებინა. ვვარაუდობ, რომ დაბარება ნარიმანოვის საქმესაც უკავშირდება," - განაცხადა სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხმა მირთაგი ასადოვმა

სუსში ასევე დაბარებულია "ახალი საქართველოს" მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარე ფუად გახრამანოვი. მისი განცხადებით, უწყებაში განუმარტეს, რომ მისი გამოკითხვა ნარიმან ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებით მოხდება. 

შეგახსენებთ, მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი ინიციატივით გამოვიდა, რომელიც გულისხმობდა აზერბაიჯანელი მწერლის ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟს. სასულიერო პირი თავის ქადაგებაში ამბობდა, რომ ის არის ბოლშევიზმის სიმბოლოა და საბჭოთა კავშირის ყველა სიმბოლიკა უნდა იყოს განადგურებული. 

მეუფე გიორგის ამ განცხადებამ  მუსლიმთა კავშირის შეიხის გაღიზიანება გამოიწვია. 

სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას. 

 

დღის ამბები