გუდაურის სათხილამურო ტრასაზე მომხდარი შეჯახება - მსხვერპლით დასრულებული ტრაგედია, რომელიც ყველას ახსოვს.
ამ შემთხვევის დროს გოგონა 12 წლის იყო, ბიჭი კი, რომელიც მას დაეჯახა, 19-ის. დღეს ის უკვე 24 წლისაა. მომხდარიდან 4 წლის შემდეგ უბედური შემთხვევის მონაწილე გიორგი ლიპარტელიანი ორწლიან სასჯელს ციხეში მოიხდის. მისი ექსტრადირება დღეს ჩეხეთიდან მოხდა. სასამართლოს მიერ ერთხელ გამართლებული და ორჯერ გამტყუნებული გიორგი ლიპარტელიანი ბოლოს წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
თვითმფრინავი, რომელმაც ჩეხეთიდან საქართველოში გიორგი ლიპარტელიანი ჩამოიყვანა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2 საათის წინ დაჯდა. გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის წითელი ცირკულარით ძებნილი ლიპარტელიანი 18 მარტს ჩეხეთში დააკავეს. 3 თვის შემდეგ ის ჩეხმა სამართალდამცველებმა ქართულ მხარეს გადასცეს. 24 წლის გიორგი ლიპარტელიანი აეროპორტიდან პირდაპირ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, მას ციხეში 2 წლის გატარება მოუწევს.
გუდაურში დაღუპული 12 წლის სალომე ტატიშვილის დედას ჩეხ და ქართველ სამართალდამცველებს შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა, თუმცა ზუსტი დრო მან ექსტრადირებამდე რამდენიმე საათით ადრე გაიგო.
12 წლის სალომე ტატიშვილი გუდაურში 2016 წლის 10 იანვარს დაიღუპა. მას ურთულეს ტრასაზე სრიალის დროს ზურგიდან 19 წლის გიორგი ლიპარტელიანი დაეჯახა. ბავშვი ადგილზევე გარდაიცვალა. საქმე გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე აღიძრა. 2 წლის შემდეგ კი ლიპარტელიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა უდანაშაულოდ ცნო. მისი ადვოკატი მაშინ ამბობდა, რომ ლიპარტელიანი ჩეხეთში სასწავლებლად გაემგზავრა. საქმის დეტალებს "კურიერთან" დღეს საია იხსენებს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2018 წელს ოჯახის ინტერესებს იცავდა.
მხარეებს განსხვავებული არგუმენტები ჰქონდათ. ლიპარტელიანის მხარე ამტკიცებდა, რომ მომხდარი უბედური შემთხვევა იყო. ისმოდა ვერსიები, რომ სრიალის დროს 19 წლის ახალგაზრდა ხის ფესვს შემთხვევით წამოედო, წაიქცა და დაღუპულს უკვე წაქცეული დაეჯახა, რის მერეც ისინი რამდენიმე მეტრიან დაღმართზე დაგორდნენ. სასამართლოზე ასევე ისმოდა ვერსიები, რომ ბავშვებს, რომლებიც შემთხვევის დროს რთულ ტრასაზე სრიალებდნენ, არალიცენზირებული მწვრთნელი ახლდათ. ასევე, საუბრობდნენ იმაზეც, რომ არ ყოფილა არავითარი გამაფრთხილებელი ნიშანი. დღეს ადვოკატი, რომელიც მაშინ ლიპარტელიანს იცავდა, დეტალებზე აღარ საუბრობს.
მოსამართლე ბუგიანიშვილი განაჩენს, რომელსაც მაშინ მწვავე კრიტიკა მოჰყვა, ასაბუთებდა რამდენიმე გარემოებით. ის თვლიდა, რომ სათხილამურო სპორტში არ არის განსაზღვრული სიჩქარის დაშვებული ლიმიტი და თხილამურებით სრიალი ექსტრემალური სახიფათო სპორტია, რაც ტრავმებს თავისთავად გულისხმობს.
მოსამართლემ არ გაიზიარა პროკურატურის არგუმენტი, რომ გიორგი ლიპარტელიანი ნასვამი იყო. ექსპერტიზის დასკვნით, ბრალდებულის სისხლში ალკოჰოლი არ იყო.
განსხვავებული იყო დაღუპულის ოჯახის ადვოკატის ვერსია. დაზარალებულები ირწმუნებოდნენ, რომ ლიპარტელიანი ნასვამი იყო, გაუმართლებლად სწრაფად სრიალებდა და ამით სახიფათო რისკი შექმნა. თბილისის პროკურორის ყოფილი მოადგილე, რომელიც ამ საქმეს ზედამხედველობას უწევდა, იხსენებს, რომ სასამართლოს განაჩენის გამოტანა გაუჭირდა, რადგან სასამართლო პრაქტიკაში ეს იყო პირველი პრეცედენტი.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 2018 წელს სააპელაციო სასამართლომ შეცვალა და ლიპარტელიანი დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება 2019 წელს ძალაში დატოვა უზენაესმა სასამართლომაც. მოსამართლეთა კოლეგიამ ჩათვალა, რომ ლიპარტელიანმა უგულებელყო წინდახედულობის ნორმები, არ გაუწია კონტროლი მოძრაობას, არ შეარჩია წინა მოსრიალისთვის უსაფრთხო დისტანცია და უკნიდან დიდი სისწრაფით არასრულწლოვანს დაეჯახა.
2016 წლის 10 იანვარს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ სამთო-სათხილამურო კურორტებზე უსაფრთხოების ნორმები გამკაცრდა. აიკრძალა სრიალი არაფხიზელ მდგომარეობაში. გადაწყდა სპეციალური ტრასების გამოყოფა, შეიქმნა მოთხილამურე პატრული, რომელსაც ტრასებზე ვითარების მკაცრი კონტროლი დაევალა.