25 აპრილი 2024,   09:35
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის კვალი არაგვის ხიდთან იკარგება - რა მოხდა მცხეთაში 19 ივნისის ღამეს

გურამ ამირხანაშვილი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საქმეში ოქროს მოწმეა. დაკარგული 19 წლის გიორგი შაქარაშვილი ნარეკვათის დასახლებაში ბოლოს სწორედ მან ნახა. ამირხანაშვილი ტელეკამერებს გაურბის, თუმცა პოლიციამ ის რამდენჯერმე გამოკითხა. მის მონაყოლს კი შაქარაშვილის ნათესავები "კურიერს" უზიარებენ. ირკვევა, რომ წვეულება, რომელსაც ნარეკვავში ნაქირავებ სახლში მეგობარი გოგონას დაბადების დღის აღსანიშნავად მართავდნენ, გურამ ამირხანაშვილმა და გიორგი შაქარაშვილმა მას შემდეგ დატოვეს, რაც დაპირისპირება მოხდა. წვეულებაზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა კი ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ მეგობრებს დასახმარებლად დაურეკა. მონათხრობის მიხედვით, თბილისიდან ჩამოსულმა პირებმა გიორგი და გური ავტომაგისტრალზე გააჩერეს, თუმცა, ამირხანაშვილის მონაყოლით, მათ შორის დაპირისპირება არ მომხდარა.

შაქარაშვილის ნათესავი "კურიერთან" ამბობს, რომ სწორედ ამ უცნობ პირებს გამოჰყვა თბილისამდე გურამ ამირხანაშვილი. გიორგი შაქარაშვილის კვალი კი დაიკარგა.

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგის კვალი არაგვის ხიდთან იკარგება, სწორედ ამ ტერიტორიაზე იპოვეს გიორგი შაქარაშვილის ხელჩანთა, რომელიც მას დაბადების დღეზე თან ჰქონდა. რა მოხდა რეალურად 19 ივნისის ღამეს, უცნობია, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ შემთხვევის მთავარი ნაწილი გზატკეცილზე მდებარე მარკეტის სათვალთვალო კამერას დაეფიქსირებინა. ამ დროისთვის გამოძიებამ ყველა კამერის ჩანაწერი ამოიღო.

პოლიციამ უკვე გამოკითხა სახლის მეპატრონე და ადგილზე დასაქმებული პირები. "კურიერის" ინფორმაციით, სახლის დათვალიერების შედეგად ფიზიკური დაპირისპირების კვალი პოლიციამ ვერ აღმოაჩინა.

19 ივნისის ღამეს მომხდარი დაპირისპირების დეტალები არ იციან ადგილობრივებმა, თუმცა ამბობენ,რომ ჩხუბი ნამდვილად მოხდა, მაგრამ არა ნაქირავებ აგარაკზე, არამედ ქუჩაში.

მცხეთაში დაკარგული გიორგი შაქარაშვილის სამძებრო სამუშაოები მდინარე მტკვარზე და არაგვზე მესამე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. რამდენიმე ლოკაციაზე ერთდროულად 70 მაშველი, მყვინთავები და ექოლოტები მუშაობენ. ცოცხალი ძალა მუშაობს როგორც წყალში, ასევე მდინარეების სანაპიროებზე.

პარალელურად, საფრენი დრონის საშუალებით მიმდინარეობს ტერიტორიის მონიტორინგი.
19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 143 მუხლით დაიწყო რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

დღის ამბები