18 ნოემბერი 2024,   21:22
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ვახო ჩიქოვანს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 17 პირს, ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. მათ ნაწილს ბრალდების შინაარსი უკვე გააცნეს. დაკავებულები თბილისის გარდა, კიდევ ორი ქალაქის იზოლატორში იმყოფებიან.

ბრალი უკვე ოფიციალურად წარუდგინეს ერთ-ერთ დაკავებულს ვახო ჩიქოვანს, რომელიც მცხეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მას ბრალად ედება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, ასევე ძალადობის ორგანიზება და უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა. ასევე ვახო ჩიქოვანი საგამოძიებო უწყებამ დაზარალებულად ცნო, როგორც ცნობილია მას თავის არეში აგარაკზე მომხდარი ინციდენტის დროს დაზიანება აქვს მიღებული. თავად ვახო ჩიქოვანი არ ეთანხმება წარდგენილ ბრალდებებს.

"ვახტანგ ჩიქოვანს არავის ნების საწინააღმდეგოდ არ დაუძალებია გადაადგილება ან სადმე წაყვანა. ასევე არ აუკრძალავს კონკრეტული პირისთვის გადაადგილება. ამ მუხლის ბრალად წარდგენისთვის აუცილებელია ამ გარემოებიდან რომელიმე მაინც იყოს სახეზე. მასზე განხორციელდა ძალადობა. ეს ადამიანი დღეს არის ცნობილი დაზარალებულად.

ქვეყანაში არის სერიოზული მატერიალური კანონმდებლობის განმარტების პრობლემა," - განაცხადა ვახო ჩიქოვანის ადვოკატმა არჩილ ბერიანიძემ.

ბრალდებულებს შორის არიან მორაგბეები, ვასილ მახარაძე, არჩილ გაგნიძე, კლუბ "ასკანელის" მწრთვნელი ნიკა ჟვანია, ასევე ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე და ევროპის ჩემპიონი გიგა ტატიაშვილი.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულია ასევე 3 არასრულწლოვანი.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით, რაც ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებს გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არ არის გამორიცხული შემდგომში ბრალი დამძიმდეს ან ბრალდებულთა რაოდენობა გაიზარდოს.

ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მცხეთაში, ერთ-ერთ აგარაკზე, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, საიდანაც მისი კვალი გაუჩინარდა. მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.

დღის ამბები