18 ნოემბერი 2024,   23:24
ვრცლად
სიცოცხლისთვის საშიში ლიფტები თბილისში - ვინ არის პასუხისმგებელი შახტში ჩავარდნილი ადამიანების სიცოცხლეზე

კორპუსში, სადაც 6 წლის ბავშვი ლიფტის ღია შახტში ჩავარდა, ადგილობრივები ამბობენ, რომ პრევენციისთვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა, მძიმედ დაშავებული ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ირკვევა, რომ ლიფტის ტექნიკურ გამართვაზე პასუხისმგებლობა ინდივიდუალურ მეწარმეს ჰქონდა მინდობილი. მოწყობილობის შეფერხების შემთხვევაში დასახმარებლადაც სწორედ მას მიმართავდნენ.

ლიფტის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა გლდანის გამგეობა. უწყების ინფორმაციით, მოწყობილობის შეცვლის მოთხოვნით კორპუსის მცხოვრებლებს ადგილობრივი თვითმმართველობისთვის არ მიუმართავთ.

საფრთხის შემცველ ობიექტებს მონიტორინგს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო უწევს. უწყებაში აცხადებენ, რომ ფაქტის შესახებ მოკვლევა უკვე დაიწყეს, თუმცა ლიფტის მდგომარეობაზე ინფორმაციას არ ფლობდნენ, რადგან ობიექტის შესახებ ამხანაგობის თავმჯდომარეს მათთვის არ უცნობებია.

ეს არ არის ლიფტის მწყობრიდან გამოსვლის პირველი შემთხვევა, რასაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა. მსგავსი ფაქტი ერთი თვის წინაც მოხდა. ლიფტის ჩაწყვეტის შედეგად მაშინ 4 პირი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი დაშავდა. მდგომარეობის მონიტორინგს ართულებს ის, რომ მოწყობილობის ტექნიკურ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას კერძო სამეწარმეო სუბიექტი იღებს, რომლის კომპეტენციის ობიექტური დასაბუთება არ არსებობს.

ზოგიერთ შემთხვევაში ლიფტით მგზავრობის ღირებულება 5-დან 10 თეთრამდე მერყეობს. სფეროს დერეგულაციის პირობებში კი, არავინაა დაზღვეული ტექნიკურად გაუმართავი მოწყობილობით გადაადგილება ჯანმრთელობის ან სიცოცხლის ფასად დაუჯდეს.

დღის ამბები