ამერიკის შეერთებული შტატები, კორონავირუსის ახალი შემთხვევებით, მორიგ ანტირეკორდს ამყარებს. გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19 57 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინდა მზარდი დინამიკის გამო, შეზღუდვების შემსუბუქების პროცესი 23 შტატშია შეჩერებული.
ჩრდილოეთ ამერიკის მსგავსად, კვლავ პანდემიის ცენტრად რჩება სამხრეთ ამერიკა. მხოლოდ ბრაზილიაში, კორვიდ-19-ით ინფიცირების მაჩვენებელმა მილიონ ნახევარს გადააჭარბა.რთული მდგომარეობაა მექსიკაშიც, სადაც კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვით, ქვეყანამ ირანს გადაუსწრო. ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ პანდემიის გამო, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის რეგიონებში 41 მილიონი ადამიანი უმუშევარი დარჩება.
მზარდია დინამიკა ისრაელში, სადაც მთავრობამ საზოგადოებრივ შეკრებებზე შეზღუდვები ხელახლა დააწესა. ბოლო დღეების განმავლობაში ახალი შემთხვევების რიცხვი გაიზარდა ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოში. ბოლო 24 საათში, გერმანიაში 446-ი შემთხვევა დადასტურდა. დიდ ბრიტანეთში კი, ვირუსი 576- ადამიანს დაუდგინდა.
სტატისტიკა მზარდია საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებშიც. ბოლო 24 საათში კორონავირუსი რუსეთში 7 ათასამდე ადამიანს დაუდგინდა, სომხეთში ეს მონაცემი 662-ს, უკრაინაში კი 876-ს შეადგენს. კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების გამო, აზერბაიჯანის მთავრობამ საკარანტინო რეჟიმი გაამკაცრა. ახალი რეგულაციის შესაბამისად, ქვეყნის ქალაქებისა და რაიონების ქუჩებში, სკვერებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ხუთ კაცზე მეტის შეკრება აიკრძალა.