ძლიერი სეტყვა იყო ქალაქ ახალციხესა და მის სოფლებში. მუგარეთში, სვირსა და წნისში სტიქიამ ნათესები დააზიანა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ძლიერი სეტყვა 30 წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა და ხეებს ტოტებიც კი ჩამოტეხა.
"ფაქტიურად, ყველაფერი გაანადგურა. ხეხილი, ნათესები, ბოსტნეული. ხეებს ფოთლებიც კი აღარ შერჩა. დაგვტოვა მოსავლის გარეშე, რა გვეშველება არ ვიცით," - აცხადებს ადგილობრივი.
მერიის წარმომადგენლის დავით პაპუაშვილის თქმით, სტიქიის შედეგად ჩაიკეტა ახალციხე-ბორჯომის ცენტრალური გზა, რომელსაც ნაშალი მიწისგან ამ დრომდე წმენდენ.
"გზა ჩაკეტილია და სოფელში ჯერ არ გამივლია, თუმცა ვიცი რომ ზარალი არის. ამ წუთებში ცენტრალურ გზას ვწმენდთ. ყველა აქაა, პატრული, სპეციალისტები და მოძრაობა მალე აღდგება,"- განაცხადა დავით პაპუაშვილმა.
ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე განმარტავს, რომ ძლიერმა სეტყვამ 6 სოფლის მოსახლეობა დააზარალა. შექმნილია ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია, რომელიც დაზარალებულ მოსახლეობას სრულად აღნუსხავს და დახმარებაზე მხოლოდ ამის შემდეგ იმსჯელებენ.