სვანეთში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი კონტროლს ექვემდებარება.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან, ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს 20 მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი აქრობს. ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, თუმცა სამუშაოებს ქარი, ძლიერი სიცხე და რელიეფი ართულებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ინფორმაცია 5 ივლისს დღის მეორე ნახევარში შევიდა. თვითმხილველის განცხადებით, ტყის მასივში ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა. ადგილზე გამოცხადდა ცოცხალი ძალა ჯვრის, წალენჯიხის და მესტიის განყოფილებებიდან, 20 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით.
სიტუაციის შეფასების შემდეგ, ხანძრის ქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა გადაწყდა.