გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე - რა ირკვევა სატელეფონო ზარებით, რომელთა ავტორებიც 18 ივნისს ნარეკვავში მომხდარი დაპირისპირების მონაწილეები არიან.
"კურიერმა" გაშიფრა ის აუდიომასალა, რომლიც ასახავს მძიმე საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების საუბრებს. საქმის მასალებს შორის ფიგურირებს 8 სატელეფონო ნომერი. დადგენილია დრო და ადგილი - ვინ ვის, საიდან და როდის დაურეკა.
"კურიერმა" შეისწავლა 500-მდე ზარი. ღამის 11 საათზე პირველი ზარი ვახო ჩიქოვანმა განახორციელა თავის მეგობართან, სავარაუდოა, რომ ვახო ჩიქოვანი მეგობარს მომხდართან დაკავშირებულ დეტალებს უყვებოდა.
"კურიერმა" მოიპოვა პატაკი, სადაც 8 პირი გიორგი შაქარაშვილზე და იმ კონფლიქტზე საუბრობს, რომელიც მცხეთაში მოხდა :
"მოგახსენებთ, რომ საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, ჩემ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის 18 ივნისს ანა გაბეჩავას დაბადების დღის წვეულებაზე ქალაქ მცხეთაში სამხედროს ქუჩაზე, ქარხანა "ლიდერფუდის" მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა 8 პირი.
ჩემ მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული 8 პირი მითითებული მობილური ტელეფონის ნომრების საშუალებით ერთმანეთთან და და სხვა პირებთან საუბრობენ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მათ შორის გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების ფაქტზე,"- ნათქვამია პატაკში.
ექსპერტიზის პასუხები, სავარაუდოდ კვირის ბოლოც ცნობილი იქნება. ამ ეტაპზე კი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე აცხადებს, რომ სხეულს დაზიანებები ნამდვილად აღენიშნება.
"იკვეთება, თვალბუდეებში სისხლნაჟღენთები, სახის არეში ტრამვები, ამავდროულად, მარჯვენა ხელის პროექციაზე ბლაგვი ხასიათის ტრავმა. ცალსახაა, რომ ბლაგვი სახის ტრამვები აღენიშნება სხეულს,"- განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.
მატროსოვის ციხესთან დღეს გამომძიებლები გურამ ამირხანაშვილს მიიყვანენ, რომელმაც კიდევ ერთი პირი უნდა ამოიცნოს. ეს პირი "ტოიოტას" მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა.
შეგახსენებთ, რომ 19 ივნისის ღამეს გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.
საქმეზე დაკავებულია 17-პირი.