19 აპრილი 2024,   05:32
ვრცლად
"ამირხანაშვილი სადაც იმალებოდა, მიმდებარე ტერიტორია გადამწვარია" - ადვოკატი

პროცედურა, რომლის მიხედვითაც გიორგი შაქარაშვილის საქმის ოქროს მოწმეს ორი არასრულწლოვანი უნდა ამოეცნო, რომლებიც, სავარაუდოდ, "ტოიოტას“ მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, გაურკვეველი მიზეზით ჩაიშალა.  

ჯერჯერობით, უცნობია კონკრეტული თარიღი, როდის იტყვის გურამ ამირხანაშვილი, ვინ იყო ავტომობილში, რომელშიც მას, გამოძიების ინფორმაციით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.  

სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვეს ადვოკატებმა, რომელთა დაცვის ქვეშ მყოფებს საგამოძიებო მოქმედებაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა.

დღესვე, ერთ-ერთი ბრალდებულის არასრულწლოვანმა მიუთითა საეჭვო ადგილებზე და სავარაუდოდ მტკიცებულებების გამქრალ კვალზე. საუბარია იმ გადამწვარ ადგილზე, რომელზეც სწორედ გურამ ამირხანაშვილი ამბობს, რომ იქ იმალებოდა. 

უცნობია, რა ვითარებაში გაჩნდა ხანძარი იმ ადგილას, სადაც გურამ ამირხანაშვილი 18 ივნისის ღამეს იმალებოდა. სწორედ ამის შემდეგ აღუკვეთეს მას თავისუფლება და თბილისის მიმართულებით იძულებით წაიყვანეს. "კურიერისთვის“ ცნობილია, რომ ადგილიდან ყველა საჭირო ნივთმტკიცება უკვე ამოღებულია.

"საგამოძიებო სამსახურები აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებენ იმის გარდა, რომ საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა ამ საქმეში და ამ გამოძიების მიმდინარეობისას, ეს ფაქტია და ამას გაცხადებულად ვამბობ. ის, რომ ამირხანაშვილი სადაც იმალებოდა და ის მიმდებარე ტერიტორია გადამწვარია, რა თქმა უნდა, ესეც კითხვის ნიშანს აჩენს,“ - აცხადებს ადვოკატი გიორგი გელხაური.

ადვოკატ როსტომ კერესელიძეს უკვირს, რატომ არ მოხდა დღესვე ოქროს მოწმის მიერ ამოცნობა, იმ ფონზე, როდესაც ტექნიკურად ამის არანაირი პრობლემა არ არსებობდა. 

"უნდა მომხდარიყო ერთ-ერთი მოწმის მხრიდან ამოცნობა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის. მე ვიცავ არასრულწლოვანს. თუმცა, ახლა გაირკვა, რომ თურმე მხოლოდ და მხოლოდ თანხმობის ხელწერილზეა ხელი მოსაწერი და მეტი არაფერი და მეორე მოსვლაზე უნდა მოხდეს ამოცნობა, როცა ტექნიკურად არანაირი პრობლემა არ იყო, რომ ერთდროულად მომხდარიყო ეს ყველაფერი. არ ვიცი რა ინტერესი იყო,“ - განაცხადა ადვოკატმა როსტომ კერესელიძემ. 

დღის ამბები