18 ნოემბერი 2024,   23:32
ვრცლად
აქცია ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან - გიდები და ტურისტული კომპანიები ფრენების აღდგენის თარიღის დასახელებას ითხოვენ

აქცია ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან - ადგილზე გიდები და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ისინი მთავრობისგან ითხოვენ კონკრეტულ თარიღს, როდის აღდგება ფრენები. სფეროს წარმომადგენლებმა აქციების გამართვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც დაპირება, რომ ავიამიმოსვლა 1 ივლისს აღდგებოდა, გადაიდო. ახლა კი შიშობენ, რომ საკითხი, შესაძლოა, ისევ ბუნდოვანი იყოს.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ტურისტული კომპანიებისა და გიდების მოთხოვნასთან დაკავშირებით ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებიათ. ტურიზმის ეროვნულ სააგენტოსთან კი გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილები არიან ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები და ასევე გიდები, რომლებიც კონკრეტული თარიღის დასახელებას ითხოვენ, თუ როდის აღდგება ფრენები, ვინაიდან მათი თქმით, პირობები, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან გაიცა, არც ერთხელ არ შესრულებულა.

"ჩვენ აბსოლუტურად გვესმის რეალურად კოვიდინფექციის საფრთხე, მაგრამ ქვეყანა სრულად ვერ ჩაიკეტება, რადგან სრული ეკონომიკური კოლაფსი და კატასტროფა გველოდება, რადგან ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიზნესი, რომელიც ქვეყანას ასე თუ ისე ამუშავებდა, ჩაკეტილია. ეს ვერანაირად ვერ მოხდება ფრენების აღდგენის გარეშე. რაც არ უნდა რეგულაციების დავაწესოთ, რაც არ უნდა ვილაპარაკოთ შიგნით, თუ ფრენები არ აღდგა, თუ ტურისტი არ ჩამოვიდა, აზრი არ ექნება არაფერს. აქ არის ათასობით ადამიანის სამუშაოზე საუბარი და შემდეგ კიდევ, რეგულაციებს უნდა მოაყოლონ კონკრეტული პროტოკოლი, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწერილა," - აცხადებს გიდების საინიციატივო ჯგუფის წევრი ალეკო გიორგიძე.

გარდა ამისა, მათი მოთხოვნა არის, რომ ჩამოყალიბდეს კონკრეტული პროტოკოლი, თუ რა წესების დაცვა მოუწევთ იმ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში შემოვლენ და რა კონკრეტული რეგულაციების გათვალისწინება მოუწევთ ტურისტულ კომპანიებს. ამ მოთხოვნებთან ერთად გიდები ამბობენ, რომ იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანაში ტურისტული ნაკადი შეწყდა, ისინი ფინანსურად ძალიან დაზარალდნენ და ამავდროულად არ მიუღიათ ის დახმარება, რომელსაც სახელმწიფო გასცემდა.

"ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, აღდგეს ფრენები და სწორად რომ იყოს გაგებული, პირველ რიგში აღდგეს ფრენები მწვანე ზონის ქვეყნებთან ეპიდემიოლოგების რჩევების გათვალისწინებით. ჩვენ მზად ვართ, ყველაფერი გავითვალისწინოთ. ჩვენ ვითხოვთ, რომ რა დაპირებაც გაიცა, რომ ერთ-ერთი პირველები ვიქნებოდით ვინც ტურიზმს აღვადგენდით, ეს დაპირება შესრულდეს, შესრულდეს ყოველგვარი წესების დაცვით და შესრულდეს რაც შეიძლება მალე, იმიტომ, რომ ადამიანებმა ვერ აიღეს დახმარებები, არიან მშივრები," - განაცხადა აქციის მონაწილემ ლევან რევაზიშვილმა.

ავტორი: სალომე უერთაშვილი

დღის ამბები