18 ნოემბერი 2024,   23:19
ვრცლად
6 გასროლა მძინარე ცოლის მისამართით სახლში, სადაც არასრულწლოვნებიც იმყოფებოდნენ - რა სასჯელი ემუქრება 35 წლის თიკო რუსიას ქმარს

6 გასროლა სახლში, სადაც არასრულწლოვნებს ეძინათ, დილის 4 საათზე მოხდა. გამთენიისას ქმარმა საძინებელში მძინარე ცოლი, სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით მოკლა. 3 შვილის დედა ადგილზევე გარდაიცვალა.

ხმაურზე გამოღვიძებულმა არასრულწლოვნებმა, რომლებსაც დედ-მამის ოთახში საზარელი სურათი დახვდათ, მომხდარის შესახებ მალევე ბებიას შეატყობინეს, თუმცა შემთხვევის ადგილზე ჩასულმა დედამ შვილის სიცოცხლე ვეღარ გადაარჩინა.

სამართალდამცველები სურამის პოლიციაში ქმარს რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ, ილია ქურდაძემ დანაშაული აღიარა, მოგვიანებით კი ის დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. 

სასტიკი მკვლელობის მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია, ადგილობრივები დღეს მხოლოდ დაკავებულის ფსიქიკურ პრობლემებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებაზე საუბრობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს 109-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს. საქმის მასალებში დევს სანადირო თოფი, რითიც 35 წლის თიკო რუსია მოკლეს. დანაშაულისთვის დაკავებულ ქმარს კი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

დღის ამბები