ისრაელი, დიდი ალბათობით, კორონავირუსის გავრცელების მეორე წრეზე წავა. ქვეყანა სრული კარანტინის დაწესების ზღვარზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ COVID-19-მა შესაძლოა ისრაელი ისევ საკარანტინო ზონად აქციოს - მთავრობამ ზომების გამკაცრება უკვე დააანონსა. მიზეზი ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდაა. ბოლო 24 საათში ვირუსი თითქმის ათას ადამიანს გამოუვლინდა. ეს იმაზე მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე პირველი ტალღის პიკის დროს.
სიტუაცია განსაკუთრებით დამძიმდა ინდოეთში. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 25 000-მდე ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამ მაჩვენებლით ინდოეთმა რუსეთს გადაუსწრო და მსოფლიოში ინფიცირებულთა რეიტინგში მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა. პანდემიის და ინფიცირების მზარდი შემთხვევების მიუხედავად, ქვეყნის ხელისუფლებამ ტაჯ-მაჰალის ტაძარი გახსნა. სტუმრებისთვის ნიღბების გამოყენება და სოციალური დისტანცირება სავალდებულოა იქნება.
პანდემიის ეპიცენტრად რჩება ამერიკის კონტინენტი. ბრაზილიაში COVID-19-ის 26 ათასზე მეტი ახალი შემთხვევაა. გარდაიცვალა 602 პაციენტი. სწრაფად იზრდება პანდემიის მსხვერპლთა რიცხვი მექსიკაშიც, ქვეყანაში 5 ათასამდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებისა და გარდაცვალების რეიტინგში კვლავ პირველ ადგილზეა შეერთებული შტატები. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობამ თითქმის 50 ათასი შეადგინა. დონალდ ტრამპი გაზრდილ სტატისტიკას ხშირი ტესტირებით ხსნის. მედიას კი, კორონავირუსით გარდაცვალების რაოდენობის კლების არასათანადოდ გაშუქებაში ადანაშაულებს.
ინფიცირების შემთხვევები იზრდება ევროპაშიც. გერმანიას ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ის 219 ახალი შემთხვევა აქვს. ბრიტანეთში კი ვირუსი 516 ადამიანს დაუდგინდა. დიდი ბრიტანეთის მთვარობა პანდემიის შედეგად დაზარალებულ მუზეუმებს, თეატრებსა და სხვადასხვა კულტურულ ორგანიზაციას 1.5 მილიარდი ფუნტით დაეხმარება. ბრიტანეთმა უკვე გახსნა რესტორნები, ბარები და პაბები.
ბარები და რესტორნები გაიხსნა შოტლანდიაშიც. ცხოვრების ჩვეულ რიტმთან ეტაპობრივი დაბრუნების პარალელურად, მთავრობა მოსახლეობას უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებს.
კორონავირუსის გამო ავსტრალიაში ორ შტატს შორის საზღვარი 100 წლის შემდეგ პირველად ჩაიკეტა. ვიქტორიასა და ახალ სამხრეთ უელსის შტატებს შორის მიმოსვლა ბოლოს 1919 წელს "ესპანური გრიპის“ დროს შეწყდა. გადაადგილება მას შემდეგ აიკრძალა, რაც ვიქტორიას ქალაქ მელბურნში COVID-19-ის ახალი შემთხვევების მატება დაფიქსირდა. ქალაქში, 30-მდე უბანში მკაცრი სოციალური დისტანცირების წესები ამოქმედდა, ხოლო ცხრა საცხოვრებელ შენობაში სრული კარანტინია გამოცხადებული.
ჩინეთში კი შავი ჭირის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დაავადება ქალაქ ბაიანურში დადასტურდა. ინფიცირებული მწყემსია. წყარო ჯერჯერობით უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთში მესამე დონის განგაში გამოცხადდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში დროებით იკრძალება იმ ცხოველებზე ნადირობა და საკვებად გამოყენება, რომლებიც შესაძლოა, შავი ჭირის მატარებლები იყვნენ.
მძიმე პანდემიურ ფონზე, BBC საქართველოზე პოზიტიურ კონტექსტში წერს. გამოცემა აქვეყნებს სტატიას სათაურით - "როგორ დაეხმარა სამი მუშკეტერი საქართველოს ვირუსთან ბრძოლაში". მასალაში სიმბოლურად სამ მუშკეტერად ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და თენგიზ ცერცვაძე არიან მოხსენიებული. სტატიაში ხაზგასმულია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მარინა ეზუგბაიას როლიც.
პუბლიკაციაში დეტალურადაა საუბარი იმ გზაზე, რომელიც ქვეყანამ COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისას გაიარა. ჟურნალისტმა ეპიდემიასთან გამკლავებაში მოსახლეობის პასუხისმგებლობის მნიშვნელობაც ხაზგასმით აღნიშნა.