ოკუპანტების მიერ დაწესებული იზოლაციის გამო, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან. სახელმწიფო მათი სწავლის საფასურს გრანტის მაქსიმალური ოდენობით დააფინანსებს.
არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრებში სოციალური დისტანციის დაცვითა და პირბადეებით აღჭურვილები მივიდნენ. თუმცა, უშუალოდ საგამოცდო სივრცეში მოხვედრამდე, მათ დეზობარიერი და თერმოსკრინინგი გაიარეს.
გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში 3 საათისა და 45 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა აბიტურიენტების ნაწილმა საგამოცდო სივრცის დატოვება გაცილებით ადრე დაიწყო. როგორც აბიტურიენტები, ასევე მათი მშობლები და ოჯახის წევრები აღნიშნავდნენ, რომ საგანგებო რეკომენდაციები და შეზღუდვები მათთვის ხელისშემშლელი არ ყოფილა.
პირველი გამოცდის ჩასაბარებლად დღეს რეგისტრაცია 6000-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. აქედან გამოცდებზე 93% პროცენტი გამოცხადდა. იყო დაგვიანებისა და მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების გამო გამოცდიდან აბიტურიენტების მოხსნის შემთხვევები.
საგამოცდო ცენტრები მოინახულეს და მომავალ სტუდენტებს წარმატებები უსურვეს საქართველოს პრეზიდენტმა და განათლების მინისტრმა. მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები სასურველ უნივერსიტეტებში, მისაღები გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან. მათი სწავლის საფასურს სახელმწიფო დაფარავს. მომავალ სტუდენტებს საგამოცდო პროცესის დაწყება მიულოცა პრემიერ-მინისტრმაც.
საგამოცდო პროცესი საქართველოში 25 ივლისს დასრულდება. თითოეულ საგამოცდო ცენტრში ადაპტირებული სივრცეებია მოწყობილი სპეციალური საჭიროების მქონე აბიტურიენტებისთვის. ცალკე ზონა გამოიყოფა მაღალი ტემპერატურისა და სხვადასხვა რესპირატორული სიმპტომის მქონე ახალგაზრდებისთვის. ერთ სივრცეში 10-ზე მეტი პირის განთავსება დაუშვებელია. ერთ საგამოცდო ცენტრში 2 დამკვირვებელი და 2 მედპერსონალი იქნება.
გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტების მშობლებს საგამოცდო ცენტრის გარე პერიმეტრზეც სოციალური დისტანციის დაცვისაკენ მოუწოდებს.