გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ადვოკატი მირიან ნიკოლაძე არ გამორიცხავს, რომ საქმეზე დაკავებულ პირთა წრე გაიზარდოს. ასევე, უფლებადამცველი ამბობს, რომ შესაძლოა კვალიფიკაციაც დამძიმდეს.
მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ მოწმეების ჩვენებები არათანმიმდევრული და ერთმანეთის საწინააღმდეგოა.
"ბუნებრივია, ჩვენ რაღაც ინფორმაციები გვაქვს. თავის დროზე, ჯერ კიდევ ექსპერტიზის დასაწყისში გვქონდა... დარწმუნებული ვარ, რომ ექსპერტიზის დასკვნების შემდეგ, ალბათ კიდევ უფრო აქტუალური გახდება. როდესაც გამოძიებაში მოწმეთა ჩვენებები არათანმიმდევრულია, ერთმანეთის საწინააღმდეგოა, ან ვთქვათ ერთი მოწმის ჩვენება თავისივე წინარე ჩვენების საწინააღმდეგოა, ეს ყოველთვის ქმნის გარკვეულ პრობლემებს გამამტყუნებელი განაჩენის კუთხით. რა თქმა უნდა, ეს არის არადამაჯერებელი და ერთ-ერთ საფრთხეს წარმოადგენს. მინდა ამ ხალხს ვუთხრა, რომლებიც გარდაცვლილი ბავშვის სულის წინაშეც კი არ არიან გულწრფელები, არ ვიცი ეს ტვირთი ამ ქვეყანაზე როგორ უნდა ატარონ, როგორც კი დადგინდება სათანადო მტკიცებულებებით, რომ ვიღაცის მონაწილეობაა გიორგის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში, მათი პასუხისმგებლობის საკითხი ბუნებრივია უნდა დადგეს. ასე არ უნდა იქცეოდნენ გარდაცვლილი ბავშვის წინაშე. არის სამართლებრივი საკითხიც - ეს კვალიფიკაცია რამდენადაც მიუახლოვდება ზუსტად ჩარჩოებს და როგორ შეიძლება მისი დაკვალიფიცირება და ბრალის წარდგენა ამ ადამიანებისთვის, ამას უნდა ძალიან სერიოზული განსჯა. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. მე არ გამოვრიცხავ არა მხოლოდ დაკავებულ პირთა წრის გაზრდას, არამედ არსებული კვალიფიკაციის დამძიმებასაც," - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.