მოძალადეებზე კვლევამ აჩვენა, რომ მოძალადეები ბავშვობაში თვითონ იყვნენ მსხვერპლები - ამის შესახებ "დღის კურიერში" ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის კოორდინატორმა ელისო ამირეჯიბმა ისაუბრა.
"ახალგაზრდა იურისტებთან, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ჩვენ გვქონდა კვლევა, რომელმაც მკაფიოდ გამოკვეთა მოძალადეების დამოკიდებულება საკუთარი ქცევის მიმართ.
21 ადამიანზე ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, გარკვეული რეკომენდაციები დავდეთ. თითოეულ მათგანთან ინტერვიუს დროს გამოიკვეთა, რომ ისინი არ აღიარებენ საკუთარ დანაშაულს და ყოველთვის ეძებენ დამნაშავეს, ვინც ამ დანაშაულამდე მიიყვანა.
ამ კვლევის ფარგლებში გვაინტერესებდა, რამ ჩამოაყალიბა ეს ადამიანები მოძალადეებად და პრაქტიკულად, ყველას ისტორიაში იყო ის, რომ ბავშვობის ასაკში ყველა მათგანი იყო ძალადობის მსხვერპლი.
განგაშის ზარია შემოსაკვრელი, რადგან ბავშვები, რომლებიც უყურებენ ძალადობას, მომავალში ისინი ხდებიან მოძალადეები," - განმარტა"დღის კურიერში" ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის კოორდინატორმა ელისო ამირეჯიბმა.