"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" პარტიების დაფინანსების მიმართებით კორუფციის ნიშნებზე საუბრობს. არასამთავრობო ორგანიზაცია გასული წლის მონიტორინგთან დაკავშირებით დეტალურ ანგარიშს აქვეყნებს.
ორგანიზაციამ 19 პოლიტიკური პარტიის წლიური ფინანსური დეკლარაცია შეისწავლა და დაადგინა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოლიტიკურ პარტიებს დაახლოებით 21 მილიონი ლარი ჩაერიცხათ, საიდანაც თითქმის ნახევარი მმართველმა პარტიამ მიიღო.
ირკვევა, რომ ყველაზე დიდი დაფინანსება "ქართულ ოცნებას" აქვს და შესაბამისად, ყველაზე მეტი კითხვის ნიშანი მმართველი პარტიის მიმართ არსებობს.
როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური აცხადებს, ანგარიში წინასაარჩევნო პერიოდს არ ეხება, შესაბამისად, არსებობს მოლოდინი, რომ წინასაარჩევნოდ პარტიების შემომწირველთა და ხარჯების რაოდენობა გაიზრდება.
"იკვეთება მმართველი პარტიის შემთხვევაში ის, რომ ზოგიერთი შემომწირველი იგებს სახელმწიფო ტენდერებს. შესაძლებელია, რომ ეს იყოს დამთხვევა, მაგრამ ამავდროულად, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს კონკრეტულ გარიგებას, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისმა ორგანოებმა ამას შეხედონ. საერთო ჯამში, ჯერჯერობით ეს ანგარიში არ ეხება წინასაარჩევნო პერიოდს, ამიტომ ცხადია ნაკლებ თანხებზე ვსაუბრობთ პარტიებთან მიმართებაში. ჩვენ ველოდებით, რომ უფრო მეტი შემომწირველი და უფრო მეტი შემოსავალი და ხარჯი ექნებათ პარტიებს უკვე წინასაარჩევნო პერიოდში," - განაცხადა ეკა გიგაურმა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერის ლევან ნატროშვილის თქმით კი, მმართველ პარტიას გაცილებით დიდი რაოდენობით შემომწირველი ჰყავდა, ვიდრე ოპოზიციურ პარტიებს.
"განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ შემოსავლებზე და კერძოდ, კი შემოწირულობებზე. ვინაიდან, შემოწირულობები, როგორც წესი არის ყველაზე პრობლემური საკითხი ამ მხრივ და როგორც აღმოჩნდა, ტრადიცია გრძელდება და მმართველ პარტიას შეუდარებლად უფრო დიდი რაოდენობით შემომწირველი ჰყავდა, ვიდრე ოპოზიციურ პარტიებს. მათი შემოწირულობები 14-ჯერ აღემატებოდა მეორე ადგილზე გასული პარტიის შემოწირულობებს, რაც საკმაოდ დიდი სხვაობაა," - განაცხადა ლევან ნატროშვილმა.