18 ნოემბერი 2024,   23:38
ვრცლად
პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის ტელეფონში აღმოჩნდა, რისი შესწავლაც ცალკე წარმოებად გამოიყო - პროკურატურა

გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჩატარებული კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად, ერთ-ერთი ფიგურანტი პირის მობილურ ტელეფონში პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია აღმოჩნდა შენახული. აღნიშნულის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია საუბარი.   

განცხადებაში წერია, რომ აქედან გამომდინარე, ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის შესაძლო უკანონო მოპოვებისა და შენახვის ფაქტზე. 

"გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად, ერთ-ერთი ფიგურანტი პირის მობილურ ტელეფონში შენახული აღმოჩნდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია. 

აღნიშნულის გამო, 2020 წლის 09 ივლისს, ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის შესაძლო უკანონო მოპოვებისა და შენახვის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქმე, იმავე დღეს, გამოსაძიებლად გადაეცა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს. საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რათა გაირკვეს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, როგორც მოპოვების ასევე შენახვის კანონიერების საკითხი. გამოძიება ასევე შეისწავლის შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლის მიერ, დაცვის მხარესთან მტკიცებულებების გაცვლისას, ზემოხსენებული პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გადაცემის გარემოებებს.

პროკურატურა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში შეაფასებს საქმის ყველა გარემოებას და გადაწყვეტს შესაძლო დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საკითხს," - ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები