აია-სოფიას სტატუსის მოსალოდნელ ცვლილებას და მუზეუმიდან მეჩეთად შესაძლო გადაკეთებას საქართველოს საპატრიარქო განცხადებით ეხმაურება.
როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, მსოფლიოში არსებული გლობალური გამოწვევების ფონზე დიდი მნიშვნელობა აქვს ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის კეთილგანწყობის შენარჩუნებას, სწორედ ამიტომ ბრძნული ნაბიჯი იქნება თუ აია-სოფია კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ დარჩება:
"საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თვალყურს ადევნებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აია-სოფიას, რომელიც აშენდა როგორც გამორჩეული ქრისტიანული ტაძარი და ამ სახით ფუნქციონირებდა თითქმის 1 000 წლის მანძილზე, შესაძლოა, სტატუსი შეეცვალოს.
ცნობილია ისიც, რომ თურქეთის მხარის ეს განაცხადი გარკვეულმა მიზეზებმა განაპირობა, თუმცა, ახლა, როდესაც კაცობრიობა არაერთი გლობალური გამოწვევის წინაშე დგას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის კეთილგანწყობის შენარჩუნებასა და განმტკიცებას; ვფიქრობთ, დღეს ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აია-სოფია კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ დარჩება.
პატივს ვცემთ რა თურქეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტს, ვიმედოვნებთ, რომ ეს დამოკიდებულება მეგობარი სახელმწიფოს მიერ აღქმული იქნება არა როგორც მის შიდა საქმეებში ჩარევად, არამედ ჩვენი, როგორც ერთ-ერთი უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიის, მოსაზრებად და გულისტკივილის გამოხატულებად.
იმედი გვაქვს, თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული კეთილმეზობლური, მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობები კვლავაც გაღრმავდება, რაც ფრიად სასიკეთო იქნება ორივე ქვეყნისათვის," - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეკუთვნის. კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელმა პატრიარქმა ბართლომემ თქვა, რომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება ქრისტიანების იმედგაცრუებას გამოიწვევს.
თურქეთში ბევრს მიაჩნია, რომ აია-სოფიას ამჟამინდელი სტატუსი ქვეყნის სეკულარული კონსტიტუციის სიმბოლოა.
აია-სოფია წარმოადგენს ბიზანტიური "ოქროს საუკუნის" სიმბოლოს. ტაძარი შენდებოდა 324-337 წლებში. კონსტანტინოპოლის დაცემამდე ეს იყო უმთავრესი მართლმადიდებლური ტაძარი. 1453 წლის 29-30 მაისს ოსმალეთის სულთან მეჰმედ II-ის ბრძანებით გადაკეთდა მუსლიმურ სალოცავად. ამის შემდეგ მას მიაშენეს ოთხი მინარეთი.
1935 წელს მუსტაფა ქემალ ათათურქის ბრძანების საფუძველზე მას სტატუსი შეუცვალეს და ის მუზეუმი გახდა. აია-სოფია დღემდე მუზეუმის ფუნქციას ასრულებს. 1985 წელს იუნესკომ სხვა ამ რაიონში განლაგებულ ისტორიული ღირებულების მქონე კომპლექსებთან ერთად "მსოფლიო მემკვიდრეობის" ნუსხაში შეიტანა. 2006 წელს აია-სოფიას მეჩეთში განახლდა მუსლიმური რელიგიური რიტუალების აღსრულება.