გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსიაა, თუმცა სხეულზე არსებული დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია, ისე როგორც მოსალოდნელი იყო, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ეს დასკვნა გახდა საფუძველი, რომ პროკურატურას საქმის კვალიფიკაცია დაეზუსტებინა.
ახლა გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. გვამის დათვალიერების შედეგად დაზუსტდა, რომ ყველა მნიშვნელოვანი დაზიანება ახალგაზრდა ფეხბურთელს მიყენებული აქვს ბლაგვი საგნით და მათ სიკვდილის ფაქტთან უშუალო მიზეზობრივი კავშირი არ აქვთ.
სპეციალისტებს ამ დაზიანებების ხანდაზმულობის განსაზღვრა უჭირთ, თუმცა
დოკუმენტში ხაზგასმით წერია, რომ ეს განვითარებულია სიკვდილამდე ახლო პერიოდში.
გარდა ამისა, ექსპერტები მიუთითებენ კანის დეფექტზე სისხლჩაქცევების გარეშე და ეს შედეგი უკვე სიკვდილის შემდეგ დადგა.
ექპერტიზის მიმდინარეობის დროს კითხვა დაისვა, როდის გარდაიცვალა გიორგი შაქარაშვილი - იმის გამო, რომ სამძებრო ღონისძიებები 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ექსპერტიზამ ამ კითხვას ზოგადი პასუხი გასცა და აღნიშნა, რომ სიკვდილის დადგომიდან, გვამის დათვალიერებამდე გასულია 48 საათზე მეტი.
ბრალდებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ გაცილებით მეტი მტკიცებულებაა საჭირო იმისათვის, რომ საქმეში 109-ე მუხლი გამყარდეს.
"გიორგი შაქარაშვილს სიცოცხლისეული დაზიანებები გააჩნია და შემდგომ არის ასფიქსია, ანუ წყლით არის დამხჩვალი. აქედან გამომდინარე გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მას სხეულზე არაერთი დაზიანება ჰქონდა მიყენებული. გაცილებით მეტი მტკიცებულება არის საჭირო იმისათვის, რომ დამაგრდეს 109-ე მუხლი ამ კვალიფიკაციით და ამ საქმეში,"- აღნიშნავს არჩილ გაგნიძის და ვასილ მახარაძის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.
გიგა ტატიაშვილის ადვოკატი კი აცხადებს, რომ არსებული გარემოებებით მისი დაცვის ქვეშ მყოფს სამართლებრივი საფრთხე არ ემუქრება.
"ექსპერტიზა კიდევ რამდენიმე ეტაპად არის დაყოფილი, უნდა დაველოდოთ მათ პასუხებს და თუკი ამით დადგინდება რაიმე ფორმით შემხებლობა გარდაცვლილთან, დადგენა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იმ მუხლით, რომელითაც საქმე დაწყებულია. ამიტომ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს სამართლებრივად საფრთხე არ ამ ეტაპზე ემუქრება,"- აცხადებს გიგა ტატიაშვილის ადვოკატი გიორგი ყიფშიძე.