გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსიაა, თუმცა სხეულზე არსებული დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია, ისე როგორც მოსალოდნელი იყო, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ეს დასკვნა გახდა საფუძველი, რომ პროკურატურას საქმის კვალიფიკაცია დაეზუსტებინა.
ახლა გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. გვამის დათვალიერების შედეგად დაზუსტდა, რომ ყველა მნიშვნელოვანი დაზიანება ახალგაზრდა ფეხბურთელს მიყენებული აქვს ბლაგვი საგნით და მათ სიკვდილის ფაქტთან უშუალო მიზეზობრივი კავშირი არ აქვთ. სპეციალისტებს ამ დაზიანებების ხანდაზმულობის განსაზღვრა უჭირთ, თუმცა
დოკუმენტში ხაზგასმით წერია, რომ ეს განვითარებულია სიკვდილამდე ახლო პერიოდში. ამას გარდა ექსპერტები მიუთითებენ კანის დეფექტზე სისხლჩაქცევების გარეშე და ეს შედეგი უკვე სიკვდილის შემდეგ დადგა.
დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ "ვექტორის" დირექტორი ალექსანდრე გეჯაძე აცხადებს, რომ სისხლჩაქცევები, მუშტის დარტყმით ვერ განვითარდებოდა.
"ეს სისხლჩაქცევები, როგორც მცირე მენჯის წინა კედელზე, ასევე რეტროპერიტონიალურად, მუშტის დარტყმით ვერ განვითარდებოდა. ამას შედარებით მეტი ძალის გამოყენება სჭირდებოდა.
ეს ბლაგვი სახის დაზიანებები სხეულის სხვადასხვა მიდამოებშია განლაგებული. ნაკლებად სავარაუდოა, რომ თუკი ეს დაზიანებები მან ცემის შედეგად მიიღო, ერთ ადამიანს მიეყენებინა,"- აცხადებს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ "ვექტორის" დირექტორი ალექსანდრე გეჯაძე.