გიორგი შაქარაშვილის საქმის ფარგლებში დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატი გიორგი გელხაური ექსპერტიზის დასკვნას ეხმაურება.
უფლებადამცველის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, რომელიც "ტოიოტა ქამრის" მარკის ავტომობილის მგზავრი იყო, არანაირი კავშირი და შემხებლობა გარდაცვლილ შაქარაშვილთან არ ჰქონია. ადვოკატის თქმითვე, არ ელოდება მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ბრალი დამძიმდება.
"ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ გარდაცვალების მიზეზი არის ასფიქსია, კერძოდ კი წყალში დახრჩობა. რაც შეეხება იმ დაზიანებებს, რომელიც ექსპერტიზის მიხედვით, შაქარაშვილს სიცოცხლის პერიოდში აქვს მიღებული, ზუსტად აქ არის ძალიან დიდი კითხვის ნიშანი გამოძიებისთვის. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, როგორ და რა ვითარებაში, ვის მიერ მოხდა ზუსტად ეს დაზიანებების მიყენება შაქარაშვილისთვის და შემდგომ უკვე რა გარემოებებში განვითარდა აღნიშნული." - განაცხადა გიორგი გელხაურმა.
როგორც ადვოკატი ამბობს, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა ტიპის ბლაგვი საგნით მოხდა გიორგი შაქარაშვილისთვის დაზიანებების მიყენება.
"გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვის ჰქონდა ბოლოს გარდაცვლილ შაქარაშვილთან შეხება და ვინ იმყოფებოდა კონფლიქტში მასთან. თუ ის მიაყენა პირმა, ვინც მასთან ერთად იმყოფებოდა, გამოძიებამ უნდა გასცეს ამ კითხვებზე პასუხი, ვის მიერ იქნა მიყენებული და რა გარემოებებში მოხდა აღნიშნული დაზიანების მიყენება.“ - აცხადებს გიორგი გელხაური.