გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ადვოკატი, მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნით, ფეხბურთელი მოკლულია, რის შემდგომაც იგი მდინარე არაგვში გადააგდეს.
ადვოკატის განცხადებით, დასკვნის საფუძველზე, დადასტურებულია, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლულია.
"იცით, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკვე გამოაქვეყნა ექსპერტიზის დასკვნა. ამ ექსპერტიზის დასკვნას ოჯახი ველოდით ძალიან დიდხანს, იმ თვალსაზრისით, რომ ის იყო ერთ-ერთი გარდამტეხი ეტაპი გამოძიებაში და სწორედ ამ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე უნდა დაგვედასტურებინა ჩვენი პოზიცია, რამდენად რეალური იყო ოჯახის ვერსია გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით.
ექსპერტიზის დასკვნით, ცალსახად არის დადასტურებული, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს. მოკლეს ჩვენი შვილი და შემდგომში ის გადააგდეს მდინარე არაგვში. ყველა დაზიანება, ეს არის დაახლოებით 12 სახის დაზიანება ბავშვს მიყენებული აქვს სიცოცხლის პერიოდში, რაც ადასტურებს იმას, რომ ბავშვის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, რასაც შემდგომში მოჰყვა გიორგის მდინარეში გადაგდება,“ - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.