გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზების დადგენამ, უკვე დაკავებულ პირთა დაცვის სტრატეგიაც შეცვალა. თუ აქამდე ყველა იმის დამტკიცებას ცდილობდა, რომ შაქარაშვილის გაუჩინარებასთან შემხებლობა არ ჰქონდა, ახლა გამოძიებამ დაუზუსტა, რომ თავი სულ სხვა და უფრო მძიმე საქმეზე უნდა იმართლონ.
ის, რაც პროკურატურისთვის ბუნდოვანი ნაწილის დაზუსტების საფუძველი გახდა, ჯერჯერობით ოფიციალურად გაფორმებული არაა. საგამოძიებო უწყებას ცოტა დრო აქვს იმისთვის, რომ ბრალდებულების ადვოკატებს უთხრას - ვინ არის პირი ან პირები, ვინც გიორგი შაქარაშვილს სცემა, აედევნა და სავარაუდოდ სიკვდილამდე მიიყვანა.
პროკურატურა კონკრეტული პირებისთვის ბრალის დასამძიმებლად იმ 10 დღიანი ვადის ამოწურვას ელოდება, რომელიც უწყებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მისცა. 12 ივლისამდე გამოძიებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, ვინ, როდის და რატომ შეცვალა ჩვენება.
18 დღიანი მოლოდინის და ექსპერტიზის გასაჯაროების შემდეგ, ყველაზე მეტი კითხვა იმ პირებთან მიმართებაში დარჩა, ვინც "ტოიოტას" მარკის ავტომობილით მგზავრობდა. 6 პირის ადვოკატი გაურკვევლობაშია, რას უკავშირდება პროკურატურის კატეგორიული პოზიცია, როცა ბევრი საკითხი ისევ გაურკვეველია.
გამოძიებას უკვე ჰქონდა კომუნიკაცია დაზარალებულ ოჯახთან. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახი დროულად მიიღებს ინფორმაციას - ვის უმძიმებს დანაშაულს პროკურატურა.
საქმეში მონაწილე პირების პოზიცია დღესაც ისეთია, როცა პირველად მათ გამოძიება მოწმის სტატუსით კითხავდა. მალევე მოწმეთა უმრავლესობა ბრალდებული გახდა - ძალადობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის.