18 ნოემბერი 2024,   23:23
ვრცლად
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატების მტკიცებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფებს არსებული გარემოებებით ბრალი ვერ დაუმძიმდებათ

გიორგი შაქარაშვილის საქმე ახლა უკვე მკვლელობის კვალიფიკაციას ატარებს, თუმცა ისევ პასუხგაუცემელია კითხვა, ვინ მოკლა ახალგაზრდა ფეხბურთელი.

დაკავებულები და დაზარალებულები ისევ დუმილს ინარჩუნებენ, ერთ-ერთ მთავარ გარემოებას კი ნათელი ექსპერტიზამ გუშინ მოჰფინა.

გიორგი შაქარაშვილს მკვრივი-ბლაგვი საგნით სიცოცხლეში აქვს მიყენებული 12 სახის სხვადასხვა დაზიანება, მათ შორის, თავის არეში. როგორია ადვოკატების პოზიციები მას შემდეგ, რაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გამოქვეყნდა:

"არ არსებობს არცერთი ჩვენება და არცერთი კადრი, რომელიც დაადასტურებს, რომ გიორგი შაქარაშვილთან შემხებლობა და ფიზიკური სიახლოვე ჰქონდათ "ტოიოტა კამრის" მგზავრებს. შესაბამისად, მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულების მიმართ დამძიმდება ბრალი განზრახ მკვლელობით, არ გვაქვს. თუმცა, გარემოება, თუ რით მიიღო შაქარაშვილმა აღნიშნული დაზიანებები, გამოძიებამ უნდა დაადგინოს. სწორედ ამის შემდეგ უნდა ვისაუბროთ დაუმძიმდება თუ არა ვინმეს ბრალი,"- აცხადებს ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი გიორგი გელხაური.

იმავეს ამბობს ვახტანგ ჩიქოვანისა და ნიკა ჟვანიას ადვოკატი არჩილ ბერიანიძე, მისი განცხადებით, საქმეში არ არსებობს დამამტკიცებელი გარემოებები, რომ კონკრეტულად მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა ჩაიდინეს მკვლელობა, შესაბამისად, ის არ ელოდება, რომ მისის დაცვის ქვეშ მყოფებს ბრალი დაუმძიმდება. 

"სისხლის სამართლის მასალებიდან გამომდინარე დაცვის მხარეს არ აქვს მოლოდინი, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ვახტანგ ჩიქოვანს ბრალი დაუმძიმდება. ამას არცერთი მტკიცებულება არ უმაგრებს ზურგს. მეორეა პროკურატურის დისკრეცია მოცემულ საკითხთან მიმართებაში,"- აღნიშნავს ვახტანგ ჩიქოვანისა და ნიკა ჟვანიას ადვოკატი არჩილ ბერიანიძე.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. გარდაცვლილის ადვოკატი და ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ განსაკუთრებული ყურადღება გამოძიებამ იმ 6 ადამიანზე უნდა გაამახვილოს, რომლებიც მცხეთაში ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე "ტოიოტა კამრის" მანქანით მივიდა.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს 6 ადამიანი იყო, ვინც ბოლოს გიორგი შაქარაშვილის ნახა ცოცხალი. შესაბამისად, ოჯახი თვლის, რომ ბრალი მკვლელობის მუხლით, სწორედ ამ ადამიანებზე უნდა დამძიმდეს. 

6 ადამიანი, რომლებიც "ტოიოტა კამრის" ავტომობილში ისხდნენ არიან: ჩიქოვანი, რევაზიშვილი, ქვრივიშვილი, მორაგბეები - გაგნიძე და მახარაძე და ასევე, ერთი არასრულწლოვანი ზ.ხ.

თუმცა, ეს, შესაძლოა, არ ნიშნავდეს, რომ შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალი მხოლოდ ამ 6 ადამიანს მიუძღვის, რადგან კადრებში ჩანს, რომ "მერსედესის" მარკის ავტომობილით მისული ადამიანები იყენებენ კონკრეტულ საგნებს ახალგაზრდების საცემად. შესაბამისად, დაკავებული 17 ადამიანის წინააღმდეგ გამოძიება გრძელდება. ახლა, პროკურატურამ უნდა უპასუხოს მთავარ კითხვას - თუ როგორ მოხვდა გიორგი შაქარაშვილი წყალში. 

დღის ამბები