შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების განცხადებით, ზუგდიდში დაკავებულია პირი, რომელსაც ბრალად დიდი რაოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვა ედება.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული დ.შ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ზუგდიდში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალებები - "მეტადონი" და "ლირიკა" ამოიღეს. ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დაკავებულის პირადი ავტომანქანა, 6,785 აშშ დოლარი და 500 ევრო.
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს," - ნათქვამია განცხადებაში.