გენიალურ ქართველ მხატვარს ირაკლი ფარჯიანს 22 მაისს 70 წელი შეუსრულდებოდა. მისი უდიდესი შემოქმედებითი მემკვიდრეობის ხელახლა გასააზრებლად, დამთვალიერებლისთვის კიდევ ახალი აღმოჩენებისთვის, უკვე დღეიდან ვირტუალური გამოფენა ჩაეშვება.
პროექტი სახელწოდებით "რეტრო ვესკოზე", მხატვრის მხოლოდ პორტრეტული ტილოები იქნება თავმოყრილი, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მუდმივ მოქმედი ექსპოზიციიდან და ასევე ნამუშევრები კერძო კოლექციებიდან.
ვირტუალური გამოფენის იდეა პანდემიის დროს დაიბადა. მაშინ, როდესაც სრულიად შეიცვალა სამუზეუმო ცხოვრება და ცოცხალი გამოფენები ციფრულმა მუზეუმმა ჩაანაცვლა.
ამ დროს შექმნილი ჯგუფი "მუზეუმი სახლიდან" გახდა ფარჯიანის კიდევ ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი ვირტუალური გამოფენის დაგეგმვისა და განხორციელების შთაგონება.
დამთვალიერებელი, რომელიც უკვე დღეიდან ფარჯიანის ვირტუალურ გამოფენას დაესწრება, ძალიან საინტერესო მხატვრის ცხოვრების ამსახველ საარქივო კადრებით შექმნილ ვიდეოსაც იხილავს. ამ ფორმით გამოფენის მთავარი მიზანია კიდევ ერთხელ მოხდეს გენიალური ქართველი მხატვრის შემოქმედების პოპულარიზაცია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ.